დღეს, ოზურგეთში, “ქართული პარტიის” ლიდერებს _ ლევან გაჩეჩილაძეს, სოზარ სუბარს და ეროსი კიწმარიშვილს ელოდებიან. ეს ინფორმაცია ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სააგენტოებიდან გახდა ცნობილი. მათივე ინფორმაციით, ოზურგეთში ამავე პარტიის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება. “ქართული პარტიის” ოზურგეთის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის გოჩა გორდელაძის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რატომ არ არიან ადგილობრივი ჟურნალისტები ინფორმირებულები ამ სტუმრობის შესახებ:
_ პირველ რიგში, ტარდება რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია. იმის შემდეგ თუ მოხდება ჟურნალისტებთან შეხვედრა, არ ვიცი _ ეს თავად პარტიის ლიდერებისგან გახდება ცნობილი, _ გვითხრა გოჩა გორდელაძემ.
საინტერესოა, როდის შეეხმიანებიან ოპოზიციური პარტიის წევრები ადგილობრივ ჟურნალისტებს, თუ ისინიც რამდენიმე მაღალჩინოსანივით გაურბიან მედიის წარმომადგენლებს?