(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მდებარეობს. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს სისუფთავეს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საჩუქრად გადაცემული ნაგავმზიდები და ურნები დასუფთავების სამსახურს მისცემს იმის საშუალებას, რომ მუნიციპალიტეტი მუდამ მოწესრიგებული იყოს. თანაც ეს მარტო სუფთა ლანჩხუთს კი არ ნიშნავს _ ეს ნიშნავს კიდევ არა ერთ სამუშაო ადგილს და როგორც მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე ადამიანი დასაქმდა კიდეც. პირადად მინდა გადავუხადო მადლობა განვითარების ფონდს ასეთი საჩუქრისთვის, _ თქვა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ლანჩხუთში სტუმრობისას.
მისივე თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში ევროსტანდარტების შესაბამისი და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა აშენდება. მინისტრმა რესურს-ცენტრიც მოინახულა და ცენტრის ხელმძღვანელს ნათია ურუშაძეს ოფისი და არსებული წესრიგი შეუქო, მას და რესურს-ცენტრის თანამშრომლებს ახალი სკოლის მშენებლობის დაწყება მიულოცა. თავის მხრივ, ურუშაძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა.
_ ლანჩხუთისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება არავისთვის უცხო არაა. მინდა, ეს მუნიციპალიტეტი ქვეყანაში გამორჩეული იყოს, _ თქვა ნიკოლაიშვილმა რომლის მთავარ დასაყრდენად გურიაში ლანჩხუთის გამგებელი მიიჩნევა.