(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ლანჩხუთის დასუფთავების სამსახურს ნაგვის ახალი მანქანები და 250 ბუნკერი გადასცეს. როგორც გავარკვიეთ, ბუნკერები ქალაქის ყველა ქუჩაზე გადანაწილდება: _ ზოგიერთ ქუჩაზე 5-6 ბუნკერი დაიდგმება, ზოგან _ 2-3 ცალი. ეს ქუჩის სიგრძეზეა დამოკიდებული. ღელეებთან აუცილებლად დავდგამთ, _ გვითხრა სამსახურის უფროსმა თენგიზ ჭიჭილეიშვილმა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მალე მოსახლეობისთვის აუცილებელი გახდება დასუფთავების გადასახადის გადახდა და ეს თანხა თითოეულ ოჯახზე 2,5 ლარი იქნება. მოეწონება თუ არა ახალი გადასახადის შემოღება მოსახლეობას, ძნელი გამოსაცნობი არ არის _ ქუჩებზე დადგმული რამდენიმე ბუნკერი ბევრისთვის სახლიდან მოშორებით იქნება და პრეტენზიის გამოთქმის მიზეზიც გახდება.
რაც შეეხება ახალ მანქანებს, ისინი მოსახლეობას კვირაში 5 დღის მანძილზე მოემსახურებიან. სპეცმანქანები აღჭურვილია მრავალი ფუნქციით და ბუნკერიდან მასში ნაგვის გადატანას სპეციალური მოწყობილობა მოახდენს. ჯერჯერობით არ არის გარკვეული, თუ ვინ იქნებიან ის იღბლიანები, რომლებიც, მრავალი მსურველიდან, ახალი მანქანის მძღოლობის უფლებას მიიღებენ. ასეთი ვაკანსია ამჟამად ორია, მძღოლი კი ხელზე 240 ლარს აიღებს. მეეზოვის ანაზღაურება 200 ლარია, შესაბამისად, ხელზე 160 ლარს იღებენ. მართალია, ზოგ მათგანს სურდა, რამაზ ნიკოლაიშვილისთვის ხელფასის გაზრდა ეთხოვა, მაგრამ ისინი მინისტრთან კი არა, ჟურნალისტებთან საუბარსაც კი გაურბოდნენ _ მაგათთან არაფერი თქვათ, ჯიბეში ჩამწერი ექნებათ, გაზეთში დაბეჭდავენ და სამსახურს დავკარგავთო.