(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გურიის “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა თემურ სალუქვაძემ, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისში 12 ივლისს პრესკონფერენცია გამართა, რაც საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” გასულ სიუჟეტს ეხებოდა.
_ შაბათს, საინფორმაციო გამოშვებაში “ქრონიკა,” საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა “ავადსახსენებელი მოდელირებული ქრონიკის” მსგავსი სიუჟეტი. არსებული ხელისუფლება წავიდა საინფორმაციო ომის გაჩაღების მიმართულებით. ამჯერად, სამიზნედ ირაკლი ალასანია აირჩიეს. არსებული ხელისუფლების მიზანი გასაგებია _ ქვეყანაში გამოჩნდა ისეთი ახალი, გაუსვრელი დემოკრატიული ღირებულების პოლიტიკური ძალა, რომელიც დღითიდღე იძენს ავტორიტეტს. ეს, ალბათ, არსებულმა ხელისუფლებამ და მიხეილ სააკაშვილმა ვერ აიტანეს. ხელისუფლებას ეშინია ყოველგვარი ცვლილებების, ახალი და დემოკრატიული გზით განვითარების, _ ამბობს თემურ სალუქვაძე.
მისი თქმით, აშკარაა, რომ ხელისუფლებამ ვერანაირი კომპრომატი ვერ უპოვა “თავისუფალ დემოკრატებს” და ტალახის სროლა დაიწყო:
_ ხელისუფლება სარგებლობს იმით, რომ ხელთ უპყრია საინფორმაციო საშუალება და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ პირველი არხი თითოეული ჩვენგანის საკუთრებაა, ისიც მიუწვდომელია ჩვენთვის. ეს არის შედეგი იმ დემოკრატიული “პროცესებისა,” რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ გაატარა ამ ხნის განმავლობაში.
ჩვენ, გურიის “თავისუფალი დემოკრატები”, მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს და მთელ საზოგადოებას, რომ ნუ დაიჯერებთ იმას, რაც ხელისუფლებას უნდა, დაგვაჯეროს. გვახსოვდეს, რომ “იმედზე” გაკეთებული “მოდელირებული ქრონიკის” სიუჟეტმა მსხვერპლიც მოუტანა ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას გამოსვლას, ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და ამავე დროს არასწორად ნათარგმნი. კარგი იქნება, თუ სააკაშვილი კარგად გაეცნობა ირაკლი ალასანიას გამოსვლას, საქართველოში არსებულ ვითარებაზე _ იქნებ თვალი აეხილოს და დაინახოს რეალური სურათი. სააკაშვილმა მართლაც ყოველნაირი მხარდაჭერა დაკარგა საერთაშორისო არენაზე, რაც თვითონ შესანიშნავად იცის და ახლა ოპონენტების დისკრედიტაციით არის დაკავებული, _ დასძინა თემურ სალუქვაძემ.