(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენს მკითხველებს უკვე ვაუწყეთ, რომ ლანჩხუთის კულტურის ცენტრის რეჟისორმა გია ქურიძემ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა. “ქართული პარტიასთან” თანამშრომლობის გამო, ქურიძეს დაკავებული თანამდებობა, 11 აპრილს, “პირადი განცხადების საფუძველზე” დაატოვებინეს.
ჩვენთან საუბარში გია ქურიძე გათავისუფლების დეტალებს ახმაურებს:
_ ეს იყო არა ჩემი გადაწყვეტილება, არამედ ცენტრის დირექტორის, სოფო ჭელიძის თხოვნა. მისთვის გამგებელს უთქვამს, მე არ მჭირდება ისეთი კაცი, რომელსაც ხელფასს მე ვუხდიდე, ის კი დროშებს აფრიალებდესო.
_ ანუ განცხადება გათავისუფლების შესახებ თქვენი სურვილით არ დაგიწერიათ?
_ არა. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამსახურის დაკარგვა ადვილი არ არის. მით უმეტეს, როცა ეს საქმე ძალიან მიყვარდა. ბავშვებთან ბევრი მქონდა ნამუშევარი და შემიძლია ვთქვა, რომ თაობებს ვზრდიდი.
დაახლოებით საათნახევარი მიდიოდა ჩემსა და სოფო ჭელიძეს შორის საუბარი. ის მთხოვდა, განცხადება დამეწერა. ბოლოს მითხრა, ჩემი მეგობარი ხარ და უხერხულ სიტუაციაში ნუ ჩამაგდებო. ამიტომ, ავდექი და დავწერე განცხადება, მაგრამ ერთი ნიუანსი გავითვალისწინე: განცხადებაში ჩავწერე, რომ როგორც თეატრის რეჟისორი ვითხოვდი გათავისუფლებას. მათ ამას ყურადღება არც მიაქციეს, ისე გამათავისუფლეს. თან გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდესო. არადა, თეატრის რეჟისორის თანამდებობა კულტურის ცეტრში არ არსებობდა! აქედან გამომდინარე, სოფო ჭელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასწორი და უკანონოა.
ამას არც გავახმოვანებდი, რომ არა სოფო ჭელიძის საგაზეთო კომენტარები ჩემ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თითქოს პირადი განცხადებით მივმართე მას და ა.შ. მე 11 აპრილს, დილით, ჩვეულებრივად მივედი სამსახურში და ჭელიძემ მითხრა, მასთან კაბინეტში შევსულიყავი. დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა ჩვენი საუბარი. განცხადების დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ ისე მოვიქეცი, როგორც ზემოთ გითხარით. ამას პირველად თქვენ გეუბნებით, აგერ მაქვს ჩემი განცხადებაც და ჭელიძის ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მკითხველმა განსაზღვროს სიმართლე.
_ თქვით, რომ თქვენი საქმე ძალიან გიყვარდათ. უკან დაბრუნდები რომ შემოგთავაზონ?
_ გამორიცხულია.
_ რატომ?
_ მათთან მუშაობა არ ღირს. ჩემი საქმე მიყვარს და ალბათ, გავაგრძელებ მუშაობას, სადმე ოთახს ვიქირავებ და ბავშვებს იქ ვამეცადინებ.
ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებზე ლანჩხუთის კულტურის ცენტრის პოზიცია ასეთია: “ადგილობრივი გაზეთების ფურცლებზე არა ერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია “ქართული პარტიის” ლანჩხუთის ოფისის მიერ გამართული ბრიფინგის შესახებ, სადაც გია ქურიძე ჟურნალისტებს დახმარებას სთხოვდა, რათა კულტურის ცენტრიდან პირადი განცხადების ასლი და ბრძანების ამონაწერი მიეღო. გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ბატონმა გიამ დაარღვია შრომითი ხელშეკრულება და დაწერა განცხადება სამსახურის დატოვების შესახებ. მოგახსენებთ, რომ მის მიმართ დისციპლინარულ სანქციას ადგილი არ ჰქონია. დაწერა განცხადება, რომელიც შემდგომ მისი მომართვის საფუძველზე დაკმაყოფილდა. განცხადებაში იგი მიმართავს დირექტორს, რომ “გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან”. ზემოხსენებული ბრძანების ამონაწერი ბატონ გიას ნებისმიერ დროს შეეძლო წაეღო. პარტიის ოფისიდან ეკა ალექსაია კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილეს დაუკავშირდა და განცხადება და ბრძანების ამონაწერი მოითხოვა. კარგად ვიცით, რომ ამ სახის ინფორმაცია საჯაროა, მაგრამ როცა ამას “ქართული პარტიის” სახელით ითხოვენ, უნდა სცოდნოდათ, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტები მხოლოდ ოფიციალური მომართვის საფუძველზე გაიცემა”.