(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში, გურიაში არსებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ მრგვალი მაგიდა მოეწყო. შეხვედრაზე ჟურნალისტები და ადგილობრივი ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელები იყვნენ მიწვეულნი, რომლებმაც დისკუსიის ფორმატში განიხილეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების დროს არსებული პრობლემები და გურიაში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები.
“გურია ნიუსის” წარმომადგენელმა საჯარო ინფორმაციის მიწოდების დროს შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა და აღინიშნა, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში არ აძლევენ ინფორმაციას; ზოგჯერ არასრულად მოიპოვებენ მას, ხოლო ზოგ შემთხვევაში ინფორმაციას დაგვიანებით იღებენ.
გარდა საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემებისა, საუბარი წარიმართა იმ შემთხვევების შესახებაც, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები არ აძლევენ ინტერვიუს ჟურნალისტებს და პრესსამსახურებთან ამისამართებენ, ეს უკანასკნელნი კი სხვადასხვა მიზეზებით თავს იკავებენ ინფორმაციის გაცემისგან.
როგორც საქართველოს იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, საჯარო ინფორმაციის არგაცემისა და ინტერვიუზე არდათანხმების სავარაუდო მიზეზები, შესაძლოა, იყოს პოლიტიკური ნება, არაკომპეტენტურობა, შეგნებული ხელოვნური ბარიერის შექმნა, უპასუხისმგებლობა ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან და დასჯის მექანიზმების არარსებობა.
რაც შეეხება ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს, არის შემთხვევები, როცა გარკვეული სტატიის გამოქვეყნებას სატელეფონო მუქარის ზარები მოჰყვება. ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როცა წინასწარ შეთანხმებულ რესპონდენტს ურეკავს ზემდგომი და უბრძანებს, არ გასცეს ინფორმაცია.
შეხვედრაზევე დასახელდა ხელშეშლის სავარაუდო მიზეზებიც _ ხელისუფლების ზემდგომი წარმომადგენლები არ ენდობიან ქვემდგომთ ან მათ კომპეტენციას.