(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “სახალხო კრების” წარმომადგენლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და როგორც ამბობენ, სხვადასხვა ძალები მათ დაშინებას ცდილობენ, რისთვისაც განსხვავებულ ხერხებს მიმართავენ.
როგორც “სახალხო კრების” ოზურგეთის კომიტეტის ოფისში, 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, მათ დაუდგენელი პირები ხშირად უთვალთვალებენ, რომლებიც სახლებამდეც მიჰყვებიან; მოახლოებული და კარგად ანონსირებული 21 მაისისთვის კი სამართალდამცავები მიკროავტობუსის მძღოლებს აშინებენ და ემუქრებიან, რომ სამსახურს დაატოვებინებენ.
როგორც “სახალხო კრების” ოფისში ამბობენ, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ისინი მაინც მოახერხებენ 21 მაისს ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე წასვლის მსურველთა ტრანსპორტირებას.
“სამართალდამცავებმა არა მარტო მიკროავტობუსის მძღოლები დააშინეს, არამედ ტაქსის მძღოლსაც გადასწვდნენ და კატეგორიულად მოსთხოვეს მათ, ოპოზიციასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტონ და აქციებზე ხალხი არ წაიყვანონ. ამის გამო, ტაქსის მძღოლებს კოლონაში ჩადგომის ეშინიათ _ იციან, რომ უკან მობრუნებულებს პირდაპირ პოლიციის სამმართველოში გადაიყვანენ”, _ აღნიშნეს პრესკონფერენციაზე.