(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ლიტვა-საქართველოს ურთიერთობაში, ოზურგეთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებს აღრმავებს და აქტიურად მიისწრაფის ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ”, _ ირწმუნებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
როგორც საკრებულოს პრესსამსახური იტყობინება, პარტნიორულ საწყისებზე დაფუძნებული შეთანხმებების ოფიციალური გაფორმების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი და საერთაშორისო ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი, მიხეილ ჩიგოგიძე საქმიანი ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში მიემგზავრება.
“ვიზიტის ფარგლებში ალეკო მამეშვილი ქალაქ როკიშკისის ახალ არჩეულ მერს, ვიდმანტას კანოპას და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილება იმ სფეროებს შორის თანამშრომლობა, რომელსაც ითვალისწინებს 2010 წელს ოზურგეთისა და როკიშკიშის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმი. მემორანდუმის თანახმად ქართული და ლიტვური მხარეები შეთანხმდნენ ეკონომიკის, განათლების, ტურიზმის, ჯანდაცვის, კულტურის, სპორტის, სოციალურ სფეროებში პარტნიორობაზე. დელეგაციების გაცვლის და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მალე ოზურგეთის სამკურნალო დაწესებულებებს, ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა გადაეცემა. სწორედ ეს საკითხი განიხილება 26 მაისს როკიშკისის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარ ექიმ, რაიმუნდას მარტინელისსა და ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრისას”, _ ამბობენ საკრებულოში.
საკრებულოს თავმჯდომარის ალეკო მამეშვილის განცხადებით, მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის დამეგობრებას, საქმიან ურთიერთობებსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას ევროპაში. მიღწეული შეთანხმებები საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან ერთად განვახორციელოთ ეფექტური, შედეგზე გათვლილი ერთობლივი პროექტები.
“ლიტვა-საქართველოს ურთიერთობაში ოზურგეთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. როგორც გვაცნობეს, მალე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად დასახელდება დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები. კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო”, _ დასძენენ საკრებულოში.