(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტრომ “გურიას” გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა გაუყიდოს! ჯერაც გაურკვეველია კლუბისადმი ბრიტანული კომპანიის დაინტერესების შედეგები, რაზეც კლუბის მომავალია დამოკიდებული. როგორც ჩანს, “გურიას” არც სახელმწიფო პროგრამის იმედი უნდა ჰქონდეს.
_ ჩვენი პროექტი მთავრობის სხდომაზე გაიტანეს და დაამტკიცეს. შევხვდებით კომპანიას და 5 ივნისიდან დავიწყებთ მოედნების გაკეთებას. გადაწყვეტილია ფოთის სტადიონის რეკონსტრუქცია. მე შევხვდი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ფოთის მერს და ისინი საკუთარ თავზე იღებენ სტადიონების გაკეთებას. სხვა მოედნები სად აშენდება, იმის მიხედვით გაირკვევა, თუ როგორ დასრულდება გადათამაშება. სახელმწიფო მზადაა, დაეხმაროს ამ პროექტს და ყველანაირად გვერდში დაუდგეს. 2011 წელს დაიწყება ორი სტადიონის მშენებლობა, რომელიც პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდება. სავარაუდოდ, სტადიონები ბათუმში და ზუგდიდში აშენდება. 2011-2012 წლებში იგეგმება მინიმუმ 3-4 მოედნის საფარის გაკეთება. საერთო ჯამში, 2012 წელს, მინიმუმ, შვიდი მოედანი გაკეთდება, _ ამბობს ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა.
მისივე თქმით, კეთდება ლაგოდეხის ბაზა და სურვილი აქვს, რომ რეკონსტრუქცია დაბა გრიგოლეთში მდებარე ლანჩხუთის “გურიას” ბაზასაც ჩაუტარდეს, რომ გურულებს, თუნდაც, აზერბაიჯანული და სომხური კლუბების მასპინძლობა შეეძლოთ, რაც ბუნებრივია, დამატებითი შემოსავლის წყაროა. სიჭინავამ აღნიშნა, რომ ირლანდიელ ინვესტორებს, რომელთაც სავარაუდოდ, “გურიას” პატრონობა სურთ, განვლილი ნახევარი წლის განმავლობაში წერილების წერის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. მან “გურიის” მესვეურებს პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა, თორემ, შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტრომ გრიგოლეთის ბაზა გაასხვისოსო.
მოკლედ, თუ ბრიტანულ კომპანიასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, “გურიის” მომავალი მეტად საეჭვო ხდება _ ბაზის გარეშე კლუბით აღარავინ დაინტერესდება.