(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე მარიკა თურნავა აპროტესტებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და “გურიის” ყოფილი ფეხბურთელი გია ჩხაიძე უმუშევარია. ბოლოს იგი “გურიის” მთავარი მწვრთნელი იყო, მაგრამ დეკემბერში თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კლუბის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა: _ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, კლუბიდან წამოსვლა მოუხდა. 200 ლარი იყო მთავარი მწვრთნელის ხელფასი, არადა, წინა სეზონში კლუბი წარმატებით ასპარეზობდა. მაშინ, როცა “გურიაში” მთავარ მწვრთნელს ასე დაბალი ხელფასი აქვს, ამ დროს კი ქმნი საფეხბურთო და სპორტულ სკოლებს, რომლებიც ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ამ დროს ვერ გამონახავ ადგილს ადამიანისთვის, რომელიც ლანჩხუთს ყოველთვის ღირსეულად წარმოადგენდა, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, _ ამბობს თურნავა.
ლანჩხუთის გამგებელმა, გია გოგუაძემ თურნავას საკრებულოს სესიაზე უთხრა, რომ ჩხაიძეს ლიცენზირებასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, თუმცა, ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ “გია ჩხაიძის დასაქმება რომელიმე ახალგახსნილ ცენტრში შეიძლებოდა”.