14 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” პროექტის _ “საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში” ფარგლებში, შეხვედრა მოეწყო, რომელშიც ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების წევრები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. “სამართლიანი არჩევნების” და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების _ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და “ახალი თაობა _ ახალმა ინიციატივა”, წარმომადგენლებმა ისაუბრეს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე მომუშავე მრავალპარტიული ჯგუფის მოლაპარაკების პროცესზე:
_ ამ პროცესის გაჭიანურების ფონზე, გვინდა ჩვენი მოსაზრებები წარვუდგინოთ საზოგადოებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა მოგვარებაც, ჩვენი აზრით, საარჩევნო გარემოს სრულყოფისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მიგვაჩნია, რომ აქ წარმოდგენილი რეკომენდაციები კომპლექსურად უნდა იყოს განხილული, რადგან პრობლემების მხოლოდ ნაწილის მოგვარება ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას ქვეყანაში. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აქ განხილული საკითხების გადაწყვეტა, ნაწილობრივ, კანონმდებლობის სრულყოფას საჭიროებს, თუმცა, რეკომენდაციათა გარკვეული ნაწილი, კანონის აღსრულებასთანაა დაკავშირებული და დიდწილად, პოლიტიკური ნების არსებობას უკავშირდება. ეს საკითხებია ამომრჩეველთა სია, საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, უწყებათაშორისი ჯგუფი, დარღვევების გამოძიება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, _ თქვეს კოალიციის წარმომადგენლებმა.