შრომელები იხსენებენ, თუ როგორი მდიდარი, გალაღებული, განათებული, სიცოცხლით აღსავსე სოფელი, ახლა კი როგორ შეცვალა ისინი გაჭირვებამ. იქაურების თქმით, ადრე სოფლის ძირითადი შემოსავალი ციტრუსი და ჩაი იყო, დღეს კი სოფელს ეკონომიურად ძალიან უჭირს _ უმუშევრობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიური ფონი, უგზოობა და უამრავი სხვა პრობლემა აწუხებთ აქაურებს.
შრომის მცხოვრებლების უმეტესმა ნაწილმა, როგორც თავად უთხრეს “გურია ნიუსს”, ციტრუსი სანაგვეზე გადაყარეს, მოსახლეობის 60% კი თურქეთშია წასული ჩაის საკრეფად.
“გურია ნიუსი” სოფელ შრომაში არასამუშაო დღეს იმყოფებოდა, აქედან გამომდინარე, სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯაბუა სამსახურში არ დაგვხვდა, ის არც სახლში იყო და არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა. მასთან დაკავშირება ვერც ორშაბათს მოვახერხეთ, ამიტომ სოფლის სპეციალისტს ირაკლი იმნაიშვილს დავუკავშირდით და რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირება ვთხოვეთ. ბატონმა ირაკლიმ ჩვენი თხოვნა შეასრულა _ დავით ჯაბუა თავად დაგვიკავშირდა და შეგვპირდა, რომ რედაქციაში მოვიდოდა, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, მან საუბარზე უარი გვითხრა:
_ იცით რაა, რაღაც საქმე გამომიჩნდა და უკან დავბრუნდი.
_ ბატონო დავით, მაშინ გვითხარით როდის გეცლებათ?
_ არ ვიცი, როდის მივიცლი, ხვალ ორმოცზე ვარ წასასვლელი. არ ვიცი, აბა რა გითხრათ? _ გვითხრა ჯაბუამ.
სანამ სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ქორწილ-ნიშნობა-ორმოცებს მოივლის და სოფლის პრობლემების საუბრისთვის მოიცლის, ბევრი წყალი ჩაივლის, მანამდე კი სოფელ შრომის მოსახლეობას მოვუსმინოთ:
ნაზი შარაძე: _ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა უგზოობაა, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. ოჯახში რვა სული ვცხოვრობთ, შემოსავალი კი მხოლოდ პენსიაა. თხილი ხან ისხამს და ხან _ არა, მანდარინს 20 თეთრად რომ გაყიდი, ეგაა საქმე? პრობლემის მეტი რა გვაქვს, დალხინებული დღეს არავინაა, ყველაფერი ძვირია.
მედიკო კვაჭანტირაძე: _ ყველას დავიწყებული ვყავართ, გურია არავის არ ახსოვს. ნეტავ, რა დანაშაული გვაქვს ასეთი? რატომ არ მოვწონვართ მთავრობას, არ ვიცი. თქვენ მაინც იცოდეთ, რომ საერთოდ არაფერი არ კეთდება ამ ჩვენ სოფელში. რომ არ გამოვდივართ ქუჩაში და არ ვკეტავთ გზას, იმას არ ნიშნავს, რომ კარგად ვართ. გვაქვს შუქის პრობლემა, გზა, ნახეთ, როგორია. ჩაგვსვეს პროექტში, გვითხრეს, მაისში დაიწყება გზის მშენებლობაო, ახლა კი ივნისის ბოლოა. ჩემი შემოსავალი მანდარინი და თხილია, მაგრამ მანდარინის მოსავალი წელს გაგვიფუჭდა! მეზობელი გვყავს ნათელა ჩხაიძე, გაჭირვებული, იმას რომ დახმარებას არ მისცემს სახელმწიფო, რაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ?!
ლამარა კაჭარავა: _ პრობლემები საქართველოში არ ილევა და მით უმეტეს სოფელში. მე თბილისში ვცხოვრობდი, აქ ჩემი სოფლის სიყვარულმა ჩამომიყვანა, რომელიც ბავშვობიდან მქონდა, თუმცა სოფელი შრომა ის აღარაა, რაც ჩემს ბავშვობაში მახსოვს _ მდიდარი, გალაღებული, განათებული, სიცოცხლით აღსავსე, ბედნიერი, ხალხიც სხვანაირი იყო. დღეს ვხედავთ როგორ შეცვალა გაჭირვებამ. ხალხში დღეს უიმედობაა _ ნახეთ რამდენი ადამიანი გაგესაუბროს ახლა სოფელში! არ გეტყვის არაფერს. იმიტომ, რომ არავისი არ სჯერათ, ვერ დააჯერებთ, რომ მათი აზრი ვინმეს აინტერესებს. დაიღალნენ დაპირებებით, ტყუილებით, თავის გატანაზე ფიქრობენ მხოლოდ. სოფელი ითხოვს ურეკთან დამაკავშირებელ მოკლე გზას, რომელიც დაახლოებით 3კმ-ია. ეს გზა სოფელს სულს მოათქმევინებდა. კარგია, რომ ოზურგეთთან დამაკავშირებელი გზა გაკეთდება და მთელი საათი აღარ დაგვჭირდება მგზავრობა. დიდი პრობლემაა შუქი, რომლის მოწესრიგებასაც გვპირდებიან. ყანები შეუღობავია, შარშან მაჟორიტარმა დეპუტატმა რომ პირობა მოგვცა არჩევნების წინ, არ შეასრულა. მერე აღმოჩნდა, თურმე ბევრი რამ ყოფილა ამისთვის საჭირო და გვითხრეს, ყანები თქვენი კერძო საკუთრებაა და თვითონ უნდა შეღობოთო. ჩემს ეზოში თუ ძროხა ან ღორი შემომივარდება, გუბერნატორთან არ გავრბივარ და პირადი პრობლემებისთვის არავინ შემიწუხებია, მაგრამ როგორ უნდა შემოვღობოთ დიდი საყანე ფართობი ჩვენი სახსრებით? სახელმწიფომ გლეხებს არ უნდა მიხედოს?
საქართველოს თითოეული სოფლის მცხოვრებლებს თუ არ ექნებათ დასაქმების საშუალება და ყველა თურქეთში, გაიქცევა, დაიღუპება ქვეყანა. ნუთუ თურქეთში სხვისი მონობისთვის გვემეტება თითოეული ქართველი?! სოფელ შრომის მოსახლეობის თქმით, მდინარემ სამ უბანთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო: _ წელს ვთხოვეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, არაფერი არ გვინდა, ოღონდაც ეს ხიდი გაგვიკეთეთ,-თქო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გაკეთებული.
_ ანაკლიაში რომ შეხვედრა ჰქონდა სააკაშვილს, ჩვენი გუბერნატორის ვერაფერი ვერ გავიგე _ ჩვენს სოფელს რომ თავი დაანებო, გურიის პატრონს სათქმელი და მოსათხოვი რომ არაფერი არ გექნება პრეზიდენტთან, ეგაა საქმე? _ გვითხრეს შრომელებმა.
სოფელ შრომის ვიწრო გზას გავუყევით ნათელა ჩხაიძის ოჯახის სანახავად. გზაზე პატარა მანქანა _ “მოსიარულე ბაზარი” სიგნალით დადიოდა და სხვადასხვა სახის პროდუქტებს სთავაზობდა მოსახლეობას.
ნათელა ჩხაიძე, 58 წლის: _ მარტოხელა ვარ, არსად არ ვმუშაობ. ნახეთ, როგორ სახლში ვცხოვრობ. ჩემ მანდარინებსაც შეხედეთ _ აგენტმა მითხრა, მანდარინის ძირებია დასათვლელიო. ორჯერ შევიტანე განცხადება და დახმარება არ დამენიშნა. კუთვნილი ვაუჩერიც ძლივს ავიღე. ხშირად მეზობლები მაჭმევენ საჭმელს.
ვასო ჩხაიძე: _ 79 წლის ვარ. თქვენ ჩემზე კარგად იცით რაც ხდება დღეს და როგორი გაჭირვებაცაა. ახლა ყანიდან მოვდივარ _ ძროხები და ღორები დადის ყანაში და ვყარაულობ.
გელა სამანიშვილი: _ აქამდე ვმუშაობდი თურქეთში, ქარხანაში. აქ რა უნდა გამეკეთებინა?! ოთხი შვილი მყავს, სამუშაო არაა, სამ თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი. ახლა სოფლის 60% ჩაის საკრეფადაა წასული თურქეთში.
სოფელში ლიკვიდირებულ დავით ქადეიშვილზეც ისაუბრეს:
_ ეს ბავშვი მამისა და გამგებლის ამბიციების მსხვერპლი გახდა. კლასელები, მეზობლები დადებითად ახასიათებდნენ. მამამისი გამგებელი იყო. კიდევ უნდოდა და ამისთვის იბრძოდა მთელი ცხოვრება. ეს ბავშვიც მტრულად განეწყო. მას არავინ არ მოუკლავს _ ყველა მკვლელობა “შეკერილი” იყო. ბოლოს სადღაც იმალებოდა, თურმე, და მარტო მანდარინს ჭამდა. საცოდავს ღამით ხელში “ლიმონკით” ეძინა და ძილში აუფეთქდა. შეშინებული და შოკირებული ახლობლის სახლში შევარდნილა გიჟივით. იქ ქალს უკივლია, ამ ბიჭსაც შემთხვევით გაუსროლია და დაუჭრია ეს ქალი. მერე დაჩოქილი ღმერთს ევედრებოდა, მკვლელს ნუ გამხდიო. ასეთი თქმულება დადის სოფელში. ამბობენ, ეს ყველაფერი წინასწარ იყო ჩაფიქრებული, რომ საცოდავი ბიჭის სიცოცხლე ასე დასრულებულიყოო, _ გვითხრა შრომის რამდენიმე მცხოვრებმა.