ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამმართველოს წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ჟურნალისტები ტრანსპარანტებით ხელში “მე ფოტოგრაფი ვარ”, “შეწყდეს აგენტების ძებნა მედიაში” ნახევარი საათის განმავლობაში იდგნენ.
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიგა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ვიდეო-ფოტო გადაღების შეწყვეტისკენ მოუწოდა: “რას მიღებთ? საქართველოს აგენტების გარდა, სხვა მხარდასაჭერი ვერ ნახეთ? “, _ მიმართა ჯაფარიძემ “გურია ნიუსის” რეპორტიორს, რომელიც პოლიციის სამმართველოსთან აქციის მსვლელობას აფიქსირებდა.
წინასწარ დაანონსებულ აქციას პოლიტიკური პარტიებიდან “თავისუფალი დემოკრატების” ადგილობრივი ლიდერები შემოუერთდნენ.
აქციის ორგანიზატორის, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის ია მამალაძის თქმით, აგენტების ძიება სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით, რომელიც მხოლოდ უწყინარ სატელეფონო საუბარს და საზოგადოებისთვის უტყუარ მტკიცებულებებად შეთავაზებულ უსუსურ ფაქტებს ეფუძნება, საქართველოში საშიშ სახეს იღებს და თითოეული ჟურნალისტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ ორგანიზებული აქცია, დაკავებული ფოტოკორესპონდენტების – ზურაბ ქურციკიძის (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი) და გიორგი აბდალაძის მხარდასაჭერად მოეწყო.
მათ ბრალად, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება ედებათ.