(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ როგორც მოსალოდნელი იყო, ქალაქ ლანჩხუთში ნაგვის ურნების დადგმის შემდეგ, მოსახლეობასთან დასუფთავების სამსახურმა ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო. ამ ეტაპზე, თითოეული მოსახლე ნაგვის გატანის გადასახადს _ 2,5 ლარს გადაიხდის. გადასახადისგან გათავისუფლებული არიან ის ოჯახები, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, ხოლო მარტოხელა მოხუცები 1,5 ლარს გადაიხდიან. თანხის გადახდა უნდა მოხდეს ყოველი თვის 25 რიცხვიდან თვის ბოლომდე, შესაძლებელია, წინასწარი გადახდაც. რა მოხდება, თუ ოჯახი ნაგვის გატანის გადასახადს არ გადაიხდის? ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა 0,05%-ს შეადგენს, რაც იმდენად მცირე თანხაა, რომ მთელი წლის განმავლობაში რომ არ გადავიხადოთ თანხა, ერთ თვის საურავი მხოლოდ 45 თეთრი იქნება! როგორც გავარკვიეთ, ნაგვის გადასახადი მოსახლეობამ უნდა შეიტანოს “ტაოპრივატბანკის” ლანჩხუთის ფილიალში, რის გამოც მომსახურების თანხის გადახდაც იქნება საჭირო, მინიმუმ 20 თეთრი. ჩვენ დავინგარიშეთ და გამოვიდა, რომ ყოველთვიურად გადახდაზე უფრო მომგებიანია, რომ თანხა, მთელი წლის განმავლობაშო ერთად გადავიხადოთ და ბანკის მომსახურების საფასურს _ 80 თეთრსაც მხოლოდ ერთხელ გადავიხდით! რა მოხდება, თუ მოსახლეობა საერთოდ არ გააფორმებს ხელშეკრულებას? იურისტებთან კონსულტანციის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ამით არც არაფერი მოხდება, რადგან ყველა ხელშეკრულება ნებაყოფლობითია და არანაირი კანონი ამ ეტაპზე არ არსებობს, რომელიც ლანჩხუთში ნაგვის გატანის ვალდებულებას აკისრებს მოსახლეობას. ვინც ხელშეკრულება გააფორმა, მასაც აქვს უფლება გააუქმოს ის _ ეს უშუალოდ ხელშეკრულებაშიც არის დაფიქსირებული.