(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ მართალია, წლევანდელი ზაფხული წვიმიანი და შედარებით გრილია, ვიდრე გასული წლების რომელიმე სეზონი, მაგრამ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით აგებულ საბავშვო ქალაქ “ციცინათელაში” დამსვენებელთა სიმცირე ამ მიზეზით არ აიხსნება: _ ხალხს ფული არ აქვს და აქ მოყვანილ ბავშვს მხოლოდ ერთ “მუხლუხოზე” ან “კამიკაძეზე” გართობა არ აკმაყოფილებს, ბევრი მშობელი შვილებს ამ სურვილსაც ვერ უსრულებს. ეკონომიკური ყოფა თანდათან უარესდება, ამიტომ ჩანან “ციცინათელაში” კანტი-კუნტად ნორჩები, _ მართალია, ბილეთის ფასი ზოგ კარუსელზე საკმაოდ ხელმისაწვდომია, მაგრამ აქამდე მოსვლასაც ხომ ტრანსპორტირების ხარჯი სჭირდება? _ ამბობს გასართობი ცენტრის ერთ-ერთი სტუმარი.
14 ივლისს აქ ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა ოჯახის წევრებთან ერთად, თუმცა, საუბრისა და სურათის გადაღებისგან დაცვის თანამშრომელმა თავის შეკავება თავაზიანად გვირჩია. როგორც აქ აღნიშნეს, ბიზნესმენი აქ ხშირად სეირნობს თავის შვილებთან ერთად. _ კაცს სამჯერ აყიდინეს საკუთარი სახსრებით აშენებული ქალაქი და ისეირნოს მაინც, _ თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ.