ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდადში (ცხემლისხიდის თემი), ერთ-ერთ უბანში რამდენიმე ოჯახმა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საკუთარი სახლის წინ მდებარე ტერიტორიაზე მიწაში ჩადებული, ჩაჟანგული წყლის მილები ამოთხარა. ამ ფაქტის შესახებ სამართალდამცავებმა შეიტყვეს და სარეალიზაციოდ გამზადებული მილები ამოიღეს. როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში დაზარალებულები აცხადებენ, არ იციან, ამის შესახებ პოლიციას ვინ შეატყობინა, თუმცა, მათი თქმით, მსგავსი ფაქტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც დაფიქსირდა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ორ სოფელში, დვაბზუსა და ცხემლისხიდში “გამოიფხიკა ყური”. აღსანიშნავია ერთი ფაქტი: სოფელ ბაღდადში ჯამასპიშვილების ოჯახმა, რომელიც მხოლოდ სოციალური დახმარების ამარაა და მარტოხელა დედა ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, ერთი წლის წინ, საკუთარი სახლის წინ, მიწის ქვეშ ჩამარხული, დაჟანგული მილები ამოიღო, ჩააბარა და მილების რეალიზაციით აღებული ფულით, როგორც თავად ამბობენ, ერთი ტომარა პურის ფქვილი და მცირეწლოვანი შვილისთვის წამლები შეიძინეს. ერთი წლის წინ ჩადენილ “დანაშაულზე”, რომელიც 16 წლის მოზარდს “ჩაუდენია,” წელს პირობითი სასჯელი მიესაჯა და შესაბამისი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.
_ ჩემმა შვილმა, პურის ფულისთვის ამოიღო მილები და პირობითი მიუსაჯეს. ერთი წლის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, და თან უნდა გადავიხადო 125 ლარი. სოციალურ დახმარებაზე ვართ დამოკიდებული და 125 ლარი როგორ უნდა გადავიხადო?! განუკითხაობაა სოფელში და ოზურგეთშიც. რად ვარგოდა ეს დაჟანგული მილები, წყალი სოფელში, 20 წელია არ ყოფილა. ვიფიქრე, საჩივარს შევიტან-მეთქი, მაგრამ ვისთან? თუ ასეთი დანაშაულია, სად იყვნენ ერთი წლის წინ, ახლა რომ მომაკითხეს ? მოსულიყვნენ მაშინ ან სოფლის გამგებელს ეთქვა, არ შეიძლება ამის ამოღება, პოლიცია დაგადგება თავზეო? არ უნდა გავეფრთხილებინეთ? მე ასე ვიცოდი, ეს მილები იყო კოლმეურნეობის, ხალხის ნამუშევარი ფულით შეძენილი და თვითონ ხალხის ნამუშევარი ფულით იყო ჩაწყობილი მიწის ქვეშ, ახლა გახდა მუნიციპალიტეტის ქონება?
_ ამის შესახებ სოფლის რწმუნებულმა იცოდა?
_ იცოდა. თავიდან მეგონა, რომ არ იცოდა, მაგრამ ბავშვი რომ მასთან იყო, უთხრა ამოიღეო. არა-და, მეხვეწებოდა, არ გვინდა, დედიკო, სოციალური დახმარებით გავიტანოთ თავიო. სხვაგანაც იყო მსგავსი ფაქტები და ჩვენც ამიტომ გავბედეთ ამოღება. ავიღე 70 ლარი და მახდევინებენ 125 ლარს! გამომძიებელმა ნათია შარაძემ ასე მითხრა, რომ ტელეფონზე დაგვიკავშირდა ვიღაცა ფარული ნომრითო და თქვენს შესახებ გვამცნოო, ესე იგი გიჩივლესო. მეორე შვილი, ორივე ფილტვის უსიცხო ანთებით მყავდა ავად. უკიდურესად გაჭირვების დღეში ვიყავი, წამლები მჭირდებოდა სასწრაფოდ, დამხმარე არავინ მყავს, მაგ ფულით ვიყიდე წამლები და ერთი ტომარა პურის ფქვილი, ამაზე მეტი საცოდაობა რა გინდათ? თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, 70 ლარი მეყოფა თვიდან თვემდე ორი შვილის დედას? არანაირი შემოსავალი მე არ მაქვს. არც ძროხა მყავს, ქათმების ამარა ვარ, იმასაც გამოვუშვებ დილით მშივრებს და ისე არიან. ვერ ვმუშაობ, იმის გამო, რომ ბავშვი პატარა მყავს და მარტო ვერ ვტოვებ. ახლა მოგივა საბუთიო და საბუთზე ხელი მოაწერეო. ყოველ კვირაში პრობაციის სამსახურში უნდა იაროს. მე გზის ფული საიდან გადავიხადო?! ორი ლარი უნდა გზის ფულად. 50 ლარის საშუალება რომ მქონოდა, კი არ ამოვთხრიდი მილებს. იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ ადვოკატი ამეყვანა. ხალხი ისედაც გაჭირვებული და დამშეულია, პურის ფული არ გვაქვს, სად ვეძებოთ საჭმელი, იმაზე ვფიქრობთ და ასეთი რაიმე შეიძლება? წერილი უნდა დავწერო და მივმართო სააკაშვილს, რომ მოხედოს ამ ოზურგეთს, ამ სოფელს… წყალი, გზა ჩვენ არ გვაქვს და კი ხედავთ თქვენც, რა დღეშია აქაურობა, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას მანანა ბერიძე.
სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობა ამბობს, რომ სხვების წაბაძულობით, მათაც ამოთხარეს დაჟანგული მილები.
ერთმა ოჯახმა მოასწრო მხოლოდ ჩაბარება, სხვებმა _ ვერა, მოვიდნენ პოლიციელები და მილები წაიღეს. როგორც თავად ამბობენ, ამ დამპალი მილების გამო, ახლა, 2000 ლარი ერთ ოჯახს აქვს გადასახდელი და 3000 ლარი _ მეორეს.
დავით შაინიძის შვილი: _ მამაჩემმა ამოთხარა ჩემი სახლის წინ მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ორი თვის წინ აი, აქ _ ჩემი სახლის წინ. მე არც მინდოდა გასაყიდად, სახლისთვის მჭირდებოდა.
_ თუ მიმართეთ თქვენი სოფლის რწმუნებულს, როცა ამას აკეთებდით?
_ არ მიმიმართავს. მიდის გამოძიება, პროკურატურაშია საქმე, 28 ივლისს არის სასამართლო. სხვადასხვა დროს არის ყველა ამოთხრილი, ზოგს ჩაბარებული ჰქონდა, ზოგმა _ მერე ჩააბარა; ვისაც ჩაბარებული ჰქონდა, ყველას ამოუჩხრიკეს. ყოვლად უვარგისი და გამოუსადეგარი მილებია. შარშან ჩაბარებული მილებიც კი ამოუჩხრიკეს ჩვენს მეზობელს.
ამირან დუმბაძე, 80 წლის პენსიონერი: _ შვილი მკვდარი მყავს, ოთხი შვილიშვილი დამრჩა გასაზრდელი. ჩემი სახლის წინ ამოვიღე, 35 მეტრი სიგრძის დაჟანგული მილი. პროკურორი ნამეტანი კარგად მომეპყრო, შევეცოდე. თქვენ რომ იცოდეთ, ბაბუა, აგი მილები სოფლის იყო, უმოქმედოდ იდო მიწაში 40 წელი… რამ მომაკიდინა ხელი ამ სიბერეში! ამ ხნის კაცმა პოლიცია, პროკურატურა არც კი ვიცოდი სად იყო; ახალგაზრდებს ვარიგებდი ცუდი საქმე არ გააკეთოთ-მეთქი და აი, რა დამემართა! თქვენც ვალდებული ხართ, ბაბუა, დაწეროთ და სხვას გააგებინოთ, რომ ასეთი რამ მეტი არ მოხდეს. ეს მილები ეკუთვნოდა ბაღდადის კოლექტივს, კოლექტივი რომ დაიშალა, დაისაკუთრა მერე ყველამ. წყალი არ გვაქვს სოფელში და დაჟანგული მილები ვის სჭირდებოდა?!
ლერი დუმბაძე: _ ჩემმა შვილმაც ამოიღო მილები მიწიდან. რად გინდა ბიძია რომ იწერ? რაიმე იქნება შეღავათი? ჩემი შვილი დილას ცხრის ნახევარზე, თურქეთში წავიდა სამუშაოდ და 11 საათზე მომაკითხეს პოლიციელებმა, რეიზა გოუშვი თურქეთშიო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის რწმუნებული ლევან ჭელიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულებს საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.
_ ბატონო ლევან, იცოდით თუ არა ამ ფაქტის შესახებ?
_ ნამდვილად არ ვიცოდი. ისიც კი, არ ვიცოდი, იქ თუ მილი გადიოდა. მე ადგილზე არ ვიყავი იმ დროს. დამიკავშირდა ტელეფონით დუმბაძის ოჯახის სიძე _ გოჩა კოტრიკაძე და მითხრა, თუ შეიძლება მილები გავიტანოთო. მე ვუთხარი, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გააკეთოთ, რადგან მსგავსი ფაქტი სოფელ დვაბზუშიც მოხდა და ვიცოდი, როგორც დამთავრდა. ავუხსენი ეს ყველაფერი ტელეფონით, რაც დაკითხვის ოქმშიც არის აღნიშნული. თუმცა რაღაც მონაკვეთზე უკვე ამოთხრილი ჰქონდათ. არ შეეხოთ არაფერს, ეს სახელმწიფო ქონებაა-თქო. ცოტა ხნის შემდეგ, დამიკავშირდა პოლიცია და მეუბნება, თუ იცით და თუ ხართ საქმის კურსშიო. მეც თავისთავად ვუთხარი, რომ არაფერი არ ვიცოდი და რადგან ადგილზეც არ ვიყავი, წავიდა ჩემი სპეციალისტი ილია სალუქვაძე. გაიგო, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე. რამდენად არის თქვენთვის საინტერესო, არ ვიცი. ბიუჯეტი ჰქონდა სოფელს და იმით აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ ეს მილები არ ფუნქციონირებდა, ალბათ, 30 წელი. როცა გავეცანი საქმეებს, გამომძიებელმა დამკითხა, რაც თქვენ გიპასუხეთ, ის ვუთხარი მასაც. 50 წლის წინ ჩადებული მილების ადგილმდებარეობის შესახებაც კი არ ვიცოდი. რადგან მათივე სახლის წინ გადიოდა, ეგონათ, მათი იყო. არადა, ეკონომიკის სამინისტროს ქონებაა. ამ ოჯახებს მართლაც ძალიან უჭირთ და რომ სცოდნოდათ, მათი არ იყო, არც მოკიდებდნენ ხელს. ეს მილები არც მე მაწერია, არც სოფელს, არ არის აღწერილი, მაგრამ ისეთი ქონება არ არსებობს, ვიღაცას არ ეკუთვნოდეს _ ან კერძო საკუთრებაა ან სახელმწიფოს ქონება. მსგავსი ფაქტი თითქმის ყველა სოფელში იყო. ჩვენთან, ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე იგივე მდგომარეობაა _ ყადაღა ადევს, განადგურებულია, იშლება… რამდენჯერ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, რომ ყურადღება მოექციათ, მაგრამ _ არაფერი. ადევს ყადაღა და ვერც ვერავინ ჰკიდებს ხელს. მოსახლეობა ითხოვს, რომ სხვა რამეზე მოვიხმაროთო, მაგრამ ხელს ვერ ვკიდებთ.
_ ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავთ _ რაიმე უკეთესობა თუ არის სოფელში. როგორც ვხედავ, გზა ისევ ცუდ მდგომარეობაშია.
_ უკეთესობა ის არის, რომ გაიხსნება ახალგაზრდული კლუბი. გზასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე დამთავრდა. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც შეასრულებს ამ სამუშაოებს, პირველად, ალბათ, რეაბილიტაცია მოხდება, _ გვითხრა რწმუნებულმა.