21 ივლისს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების _ გაღმა დვაბზუ და ბახვის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
შეხვედრას, რომელიც ბახვის ცენტრალურ მოედანზე შედგა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე და გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.
“აღსანიშნავია, რომ ექვს სოფელს გზა უკვე დიდი ხანია, აღარ აქვს. ეს გზა არა ერთი სოფლის სკოლამდე მივა, რაც მოსახლეობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს”, _ თქვა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხითაც, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი კომპანია შპს “გზამშენი 18” ახორციელებს და დასაქმებული მუშახელიც ადგილობრივია.
მინისტრი აქაურებს საჯარო სკოლის ფასადის შეკეთებას და წყლის პრობლემის მოწესრიგებასაც შეჰპირდა.
გურიის გუბერნატორმა მილიონნახევრიანი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაიხსენა, რომ მოსახლეობამ, ერთ-ერთი შეხვედრისას, პრობლემათა შორის პრიორიტეტად სწორედ გზის შეკეთება დაასახელა.
შპს “გზამშენი 18”-ის ხელმძღვანელის თემურ ჯახვას თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დაიწყო და ორ თვეში დასრულდება, დაიგება 6 000 ტონა ასფალტი, მოწესრიგდება ბახვის ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ტერიტორია.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნიკოლაიშვილისგან კრიტიკული შენიშვნაც მიიღო: _ ეკლესიის ეზო არ მოგიწესრიგებიათ. მუზეუმის აშენება რომ წამოიწყეთ, ჯობდა ფინანსები სხვა, უფრო პრობლემატური საკითხების გადასაჭრელად მიგემართათ.
შეგახსენებთ, რომ გაღმა დვაბზუ-ბახვის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის ხარჯები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. პროექტი 6 სოფელს მოიცავს და მშენებლობა, სავარაუდოდ, ორ თვეში დასრულდება.