(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ტრენინგი, რომელიც 21 ივლისს “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ოფისში ჩატარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხების (თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები, ადგილობრივი ბიუჯეტი და მისი ეტაპები, მონიტორინგი და მისი სახეები) ზოგად მიმოხილვასა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესით” გათვალისწინებული სოციალური პაკეტის დეტალურ ანალიზს შეეხებოდა.
შეხვედრას, რომელსაც სოფლების _ თხინვალის, მაკვანეთის, ჭანიეთის, ასკანის, ბაილეთის და ჯუმათის სათემო-ახალგაზრდული ჯგუფის წევრები (სულ 15) ესწრებოდნენ, დეტალურად გაეცნენ სოციალური დახმარების ფორმებსა და სახეებს, ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებსა და ინფორმაციას იმ დოკუმენტაციის შესახებ, რომელთა წარდგენაც არის აუცილებელი ამა თუ იმ კონკრეტული სოციალური დახმარების მაძიებელი ბენეფიციარის მიერ, ასევე, ადმინისტრირების საკითხებს, ანუ სოციალური დახმარების გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების (გადაწყვეტილების მიღების) წესებსა და პროცედურებს.
ტრენინგის მსვლელობისას, დამსწრე-მონაწილეების მიერ, ჯგუფებში შესრულდა შეხვედრის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო.