(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ წელს გურიაში თხილი ერთადერთი კულტურაა, რომელიც მსხმოიარობით გამოირჩევა და მოსახლეობა მასზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებს. როგორც ყოველთვის, ახლაც დიდი ინტერესია თხილის ფასის მიმართ. 5 აგვისტოს, ოზურგეთში 1 კილოგრამი თხილის ფასი 2 ლარი იყო და როგორც მიმღები პუნქტების მეპატრონეები ვარაუდობენ, დღითიდღე მოიმატებს.
მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასს, როგორც ცნობილია, თურქეთი არეგულირებს. როგორც ამ ქვეყანაში მომუშავე არა ერთი ქართველი მოქალაქე ადასტურებს, თურქეთში არის რეგიონები, სადაც წელს თხილის მოსავალი ნაკლები იქნება, საქართველოში კი დიდი მოსავალია. ამიტომ ელოდება ხალხი ამ სეზონზე სულის მოთქმას _ კაცი ხომ იმედით ცოცხლობს, განსაკუთრებით, გაჭირვებული.