(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუზეუმის აშენება გადაიფიქრა.
3 ივლისს, ბახვში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თათბირი გამართეს, სადაც მუზეუმისთვის გამოყოფილი 21 ათასი ლარის განკარგვის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. თათბირს სოფლის რწმუნებული გოჩა შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე და გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც გოჩა შარაშენიძე ამბობს, შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა, დაისახა პრიორიტეტები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოედნის, კულტურის სახლის ფოიესა და ფასადის შეკეთება და საბავშვო ბაღის ახალი ინვენტარით აღჭურვა იყო: “ეს გრძელი პროცესია. ჩვენ კიდევ ვიმსჯელებთ ამ თანხის განკარგვის საკითხზე, დასახულ პრიორიტეტთაგან კი საბოლოო არჩევანს ხალხი გააკეთებს,” _ აღნიშნა სოფლის რწმუნებულმა.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, სოფელს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი სტუმრობდა. სწორედ ამ შეხვედრისას მიიღო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მინისტრისგან შენიშვნა _ სწორედ მაშინ ურჩია ნიკოლაიშვილმა მათ მუზეუმისთვის გამოყოფილი თანხა, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად გამოეყენებინათ.