ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა შალვა ბოლქვაძემ სამუშაო ოთახიდან თავისი პირადი ნივთები აალაგა და თანამშრომლებს უთხრა, ბახმაროში მივდივარ, აქ კი აღარ დავბრუნდებიო.
როგორც ცნობილია, ბოლქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.
“გურია ნიუსმა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკა, სადაც გვითხრეს, რომ უფროსი სამსახურში არ იმყოფებოდა, თუმცა, სად იყო წასული და როდის დაბრუნდებოდა, ამაზე პასუხი ვერავინ გაგვცა.
“გურია ნიუსი” შალვა ბოლქვაძეს 12 აგვისტოს, 20:55 წუთზე ტელეფონით დაუკავშირდა.
_ ბატონო შალვა, ასრულებთ თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას?
_ კი, რა თქმა უნდა, ვასრულებ სამსახურეობრივ მოვალეობას.
_ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თქვენ დატოვეთ სამსახური და თანამშრომლებს უთხარით, რომ წახვედით, თუმცა, სად, არ დაგიკონკრეტებიათ.
_ აუ, კარგით რა! არ არის ეგ სწორი ინფორმაცია, ჩვეულებრივად ვასრულებ მუშაობას. საიდან მოიტანეთ ეგ ამბავი? ჴ გაიკვირვა მან.
_ არც იმ ინფორმაციას ადასტურებთ, რომ შეიძლება მალე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად დაინიშნოთ?
_ არა, არა. ნამდვილად ვაგრძელებ მუშაობას.
_ მაშინ, გვითხარით, სამსახურში როდის იქნებით.
_ სამსახურში ვიქნები… მე საქართველოს კანონმდებლობა მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ შაბათ-კვირას დავისვენო და ორშაბათიდან უკვე ვიქნები სამსახურში.
_ ჩვენი წყარო ამბობს, რომ მალე თქვენ გამგებლად დაინიშნებით.
_ არა, არა, არანაირი გამგებელი არ ვიქნები.
სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ისაკ ლომთათიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურებს, რომ შალვა ბოლქვაძე შვებულებაში ორშაბათიდან გადის:
_ ბატონო ისაკ, იმყოფება თუ არა თქვენი თანამშრომელი შალვა ბოლქვაძე შვებულებაში?
_ ჯერჯერობით არა.
_ ანუ მალე გადის?
_ სავარაუდოდ გავა. უფროსზეა დამოკიდებული. რაშია საქმე?
_ რამდენი თვეა, რაც იგი ამ თანამდებობაზე დაინიშნა?
_ ალბათ, ექვსი თვე. ზუსტად, ორშაბათს გეტყვით.
_ ბატონო ისაკ, აქვს თუ არა უფლება მას გავიდეს შვებულებაში?
_კი, ამას არეგულირებს შრომის კოდექსი. მართალია, ბოლქვაძე ექვსი თვეა, რაც მუშაობს, მაგრამ თუკი ხელმძღვანელი თანახმაა, მისი თანამშრომელი გავიდეს შვებულებაში, ამ თანამშრომელს შეუძლია მიმართოს მას წერილობითი განცხადებით, ხელმძღვანელს კი უფლება აქვს დააკმაყოფილოს ეს განცხადება. კიდევ რა გნებავთ?
_ შალვა ბოლქვაძემ შვებულებაში გასვლის თაობაზე განცხადება შემოიტანა?
_ კი, განსახილველია და თუ გუბერნატორის თანხმობა იქნება, გავა შვებულებაში. ისე, ორშაბათს გეტყვით დაზუსტებით.
“გურია ნიუსი” გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დაუკავშირდა.
_ ბატონო ვალერ, აკმაყოფილებთ თუ არა შალვა ბოლქვაძის განცხადებას შვებულების თაობაზე?
_ დიახ.
_ ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა ოზურგეთის გამგებელი გახდეს?
_ არა, არა. ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს და ეგ ჭორია, _ გვითხრა გუბერნატორმა.
რამდენიმე წუთში ისაკ ლომთათიძე თავად დაგვიკავშირდა და დაგვიდასტურა, რომ ბოლქვაძე 15-16 აგვისტოდან შვებულებაში გადის.
_ რამდენი ხნით გადის?
_ არ ვიცი, როგორ გამოიყენებს ამ შვებულებას თავად შალვა, _ გვითხრა ლომთათიძემ.