ეს ტრანსპორტი პირველად გურიის მთავარმა პოლიციელმა, გიგა ჯაფარიძემ ოზურგეთის ქუჩებში გამოსცადა და შემდეგ ბახმაროს პოლიციას გადასცა, რადგან ჯაფარიძის თქმით, ბახმაროში პოლიციას კვადროციკლი ძალიან გამოადგება. მისივე განმარტებით, ბახმაროს პოლიციას კვადროციკლი მას შემდეგ გადაეცა, რაც კურორტის პოლიციის შეფმა, გოჩა თავაძემ გამოცდა ჩააბარა და A კატეგორიის მართვის უფლება მიიღო. გიგა ჯაფარიძის განმარტებით, აღნიშნული კვადროციკლის გამოყენების უფლება, მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებსაც A კატეგორიის მძღოლობის დამადასტურებელი მოწმობა გააჩნიათ. სამხარეო პოლიციის პირველი პირი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთი კატეგორიის პოლიციელი მძღოლები ჩვენთან ცოტანი არიან. ჯაფარიძის თქმით, კვადროციკლი, მისი მოცულობის და სიმძლავრის გამო, კარგია ქურდების დასაჭერადაც. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სწორედ კვადროციკლით დაიჭირა ბახმაროს პოლიციამ ერთ-ერთი ფეშენებლური ვილის ქურდები. ამავე ტრანსპორტის საშუალებით გახდა შესაძლებელი კიდევ ერთი დამნაშავის დაჭერა, რომელსაც ბრალად ავტომანქანის ნაწილების ქურდობა ედება.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პოლიცია კვადროციკლს მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებით არ იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ბახმაროს პოლიციის უფროსს აქვს ამ კვადროციკლის ტარების უფლება, ჩვენმა ფოტოობიექტივმა, 14 აგვისტოს, ბახმაროში კვადროციკლით მოსეირნე პოლიციელი დააფიქსირა _ პოლიციელი გურიის სოდ-ის განყოფილების უფროსის შვილს ასეირნებდა, რადგან იმ დღეს ბავშვს დაბადების დღე ჰქონდა. პოლიციელმა კვადროციკლით რამდენიმე წრე დაარტყა ბახმაროს ცენტრს და იქვე მყოფ დამსვენებლებს გვარიანი მტვერიც ჩააყლაპა. როგორც მოქალაქეებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის და პოლიციელები, ჩვენი გადასახადებით შეძენილი ძვირადღირებული კვადროციკლით ხან თავიანთ, ხან მეგობრის შვილებს, ხან კიდევ მეგობარ გოგონებს ასეირნებენ!
“გურია ნიუსის” ფოტოობიექტივმა, ამავე კვატროციკლით, ბახმაროში მოსეირნე ჩოხატაურის პოლიციის უფროსი, ბესო სიხარულიძეც დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სიხარულიძეს არა თუ A კატეგორიის, საერთოდ არ აქვს მართვის მოწმობა. ამ ინფორმაციას სიხარულიძე ჩვენთან საუბრისას არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა, დღემდე მართვის მოწმობის წარმოდგენა, რატომღაც ვერ მოახერხა.
აღნიშნულ თემაზე კომენტარს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახური აკეთებს.