(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ სამშაბათს, მაჩხვარეთის ცენტრში, დილის 10 საათიდან 50-მდე პენსიონერი კუთვნილი თანხის მისაღებად შეიკრიბა. 80 წელს მიღწეული მაჩხვარეთის მკვიდრნი, თაკარა მზეში ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვის კონსტრუქციაზე ჩამომსხდარნი, ახალ მოლარეს ელოდებოდნენ. მისი წინამორბედი სამსახურიდან დაითხოვეს _ ქალბატონი ნაზიბროლა პენსიონერებს თანხას სახლში მიუთვლიდა ხოლმე და მოსახლეობა მას ემადლიერება; თუმცა, ახლა შეშფოთებულები არიან, რომ მათ 87 ლარის ასაღებად, შორი გზიდან ფეხით ჩამოსვლა და რამდენიმესაათიანი ლოდინი მოუხდათ _ ასაკოვანი ადამიანები თითქმის 4 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ახალ მოლარეს, რომელიც მაჩხვარეთელ პენსიონერებს დროებით მოემსახურება. პენსიონერებმა მწველი მზისგან თავი “ადმინისტრაციაში” შეაფარეს და გრძელ რიგში ჩადგნენ.
როგორც მაჩხვარეთელი პენსიონერები აცხადებენ, თუ მძიმე ავადმყოფებს და ინვალიდებს თითქმის ერთ საათიანი გზის გავლა ისევ დასჭირდებათ კუთვნილი თანხის ასაღებად, პრობლემის მოგვარებისთვის განცხადებას მუნიციპალიტეტის გამგეობის “კარზე” გააგზავნიან.