ჩვენი წყაროს ინფორმაციით ოზურგეთში, “ავერსის” კლინიკას აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან ანთაძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატი _ ოზურგეთის სამშობიარო სახლის დირექტორი დავით მდინარაძე და ცენტრალური საავადმყოფოს მმართველი კახა ასკურავა მოიაზრებოდნენ. ოზურგეთელების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ამ თანამდებობაზე დავით მდინარაძე უნდა დანიშნულიყო, რადგან ამ უკანასკნელს მენეჯმენტის სფეროში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ მდინარაძემ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ საქართველოშიც კი მოახერხა, რომ გურიის მთავარ ქალაქში გარემონტებული, პროფესიონალი ექიმებით და უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამშობიარო სახლი ყოფილიყო. თუმცა, გურიის ხელისუფლება ჩვენთან პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ “ავერსის” კლინიკის ხელმძღვანელის ვინაობა კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა. ხელისუფლება, ჯერჯერობით, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. კომენტარები არც იმაზე კეთდება, რა ბედი ეწევა ათობით მედპერსონალს, რომლებსაც ახალი კლინიკის გახსნის შემდეგ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.
არსებული ინფორმაციით, “ავერსის” სადაზღვევო კომპანია “ალფა” დაზღვეულ პაციენტებს მკურნალობა მხოლოდ “ავერსის” კლინიკაში შეეძლებათ. აქედან გამომდინარე, სხვა საავადმყოფო, პრაქტიკულად, ვერ იარსებებს, რადგან გურიაში მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ “ალფაშია” დაზღვეული, ხოლო დაუზღვეველი, გადახდისუნარიანი პაციენტების რიცხვი საკმაოდ მცირეა.
“გურია ნიუსი” ამ თემას ისევ დაუბრუნდება .