“გურია ნიუსმა” საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარისთვის არაერთხელ მიმართა, მაგრამ ის, ტაკიძესთან ერთად, “დუმილის უფლებას იყენებს”.
საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს, საკრებულოს თავმჯდომარე წერილობით ითხოვს. ჩვენც წერილობით გავუგზავნეთ.
_ ბატონო ალეკო, რამდენად იქნება გათვალისწინებული ის შეცდომები, რაც წინა გამგებლის დანიშვნის დროს მოხდა (ნაჩქარევი დანიშვნა მისი მოკლე ბიზნეს-გეგმის განუხილველად და საკრებულოზე დეტალურად განხილვის გარეშე)?
_ გრძნობთ თუ არა დარჩენილი თანამდებობის პირები დამნაშავედ თავს იმაში, რაც ამჟამად გიორგი ტაკიძის საწინააღმდეგოდ არის მიმართული? გამგებლის ანგარიშის წარმოდგენის დროს, საკრებულოს სხდომაზე რატომ არ გამოდიოდა კრიტიკულად საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და რატომ არ იძლეოდა შენიშვნას იმ საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე, რაც პროკურატურის მიერ იქნა აღმოჩენილი?
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებმა რატომ არ განახორციელეს კანონით მინიჭებული კონტროლი, ზედამხედველობა?
პასუხად, 11 აგვისტოს, საკრებულოდან, საკრებულოს აპარატის უფროსის ხელმოწერით დამოწმებული წერილი მივიღეთ: “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი. ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულებები ან მომსახურების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შეგზავნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. გამომდინარე აქედან, თქვენი მოთხოვნა ინფორმაციის დაუყონებლივ გაცემასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან მოთხოვნა არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ზემოთ აღნიშნული კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გეთქვათ უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე”. ამ პასუხის მოსამზადებლად, აპარატი ამაოდ დაშვრა, რადგან ჩვენ არც ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას!
ამ წერილის მიღების შემდეგ, “გურია ნიუსმა” კვლავ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობითი განცხადებით _ “ბატონო ალეკო, ვინაიდან რამდენიმე დღეა, თქვენი პრესსამსახურის უფროსის მეშვეობით, ვცდილობთ, მივიღოთ თქვენი კომენტარი და ეს, დღემდე არ მოხერხდა, ისღა დაგვრჩენია, თქვენი პრესსამსახურის რჩევა გავითვალისწინოთ და კითხვები, რომელიც საზოგადოებას თქვენთან, როგორც არჩეული თანამდებობის პირთან აქვს, წერილობითი ფორმით ოფიციალურად, პირადად გამოგიგზავნოთ”.
ამჯერად, საკრებულოს თავმჯდომარემ, ელინების შესაშური ლაკონურობით, თუმცა, აშკარად გაუგებრად გვიპასუხა: “თქვენი 2011 წლის 10 აგვისტოს წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოკლებულია შესაძლებლობებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი”.
მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ეს პასუხი, ჩვენს კითხვებს არ ერგება! ამასთან, ისიც გვაინტერესებდა, თუ რით ახსნიდა საკრებულოს თავმჯდომარე იმ ფაქტს, რომ 6 ივლისს, #55 განკარგულების თანახმად, საკრებულომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, გიორგი ტაკიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა; აქედან ერთ თვეში კი, გამგებელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს!