ჩვენი გაზეთის არქივი ბევრ საინტერესო ფაქტს ინახავს _ საგაზეთო ინტერვიუები, სარეკლამო განცხადებები მოწმობს, რომ ამ ხელისუფლებას ყველაზე უკეთ ტყუილი გამოსდის. ტყუილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, წარმატებით იგებს არჩევნებს.
“ჩოხატაური _ ჩვენი რაიონი, დღეს უკეთესად გამოიყურება ვიდრე 4 წლის წინ _ გაუმჯობესებული გზებით, განათების უკეთესი სისტემით და უფრო უსაფრთხო გარემოთი. ამ რაიონში ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება ერთი საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულია _ ეს არის დასაქმება და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევქმნათ სამუშაო ადგილები (“გურია ნიუსი”, #2010 წელი, #39) _ ეს სარეკლამო განცხადება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის.
არადა, სწორედ ჩოხატაურია ის მუნიციპალიტეტი, სადაც არც გზაა, არც წყალი და არც სამუშაო ადგილები; ჩოხატაურს არც გურიის სხვა მუნიციპალიტეტები ჩამოუვარდებიან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გურიაში დასაქმებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო _ 2005 წელს 4 911 ადამიანი იყო დასაქმებული, 2006 წელს _ 5 024; 2007 წელს _ 5 205, 2008 წელს _ 4 647; 2009 წელს ეს ციფრი შემცირდა და 3 411 გახდა, ხოლო 2010 წლის ბოლოს დასაქმებულების რიცხვთა რაოდენობამ მხოლოდ 3 402 შეადგინა. არადა, გასულ არჩევნებზე, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ დასაქმება იყო.
ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, ათობით განცხადებას, დასაქმების თხოვნით, წლებია, მტვერი ადევს. მართალია, მათი გაცნობა გუბერნატორმაც მოინდომა და პირობაც დადო, რომ კადრებს გადახედავდა, მაგრამ ამ პირობამაც “ჩაილურის წყალი” დალია.
სამუშაო ადგილები მხოლოდ იმ ადამიანებისთვის გამოჩნდა, რომლებსაც “ზევით” გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ. სწორედ ამ ნაცნობების ერთი სატელეფონო ზარიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამოუცდელი ადამიანები, ყოველგვარი კონკურსის გარეშე დანიშნულიყვნენ თანამდებობაზე. ოღონდ მათთვის ახალი შტატები არ გამოჩენილა _ მათ ძველი კადრები ჩაანაცვლეს, ის კადრები, რომლებიც ნაციონალებს თვალში არ მოსდიოდათ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურში მცხოვრები შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ფეხის პრობლემა ჰქონდა და ინვალიდის სტატუსი მხოლოდ იმიტომ არ მიანიჭეს, რომ მეორე ფეხი ჯანმრთელი აღმოაჩნდა, შიმშილისგან გარდაიცვალა. როგორც გვითხრეს, ოჯახში 8 სული ცხოვრობდა, აქედან, 6 _ არასრულწლოვანი. მამაკაცი ერთ-ერთ სახერხზე მუშაობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ყველა სახერხი დალუქა, ისიც უმუშევარი დარჩა. მეზობლების თქმით, ხან ყანაში, ხან მტვირთავად მუშაობით, ბავშვების გამოკვებასაც კი ვერ ახერხებდა და ის და მისი მეუღლე უმეტესად მშივრები იყვნენ. გამგეობისთვისაც ბევრჯერ მიუმართავს დახმარების თხოვნით, თუმცა, ყოველთვის უარს იღებდა _ ერთჯერადი დახმარებები გაუქმებული გვაქვსო. ვერც სოციალურ სამსახურში მიაღწია რამეს _ მინიჭებული ქულებით მხოლოდ სამედიცინო დახმარების პოლისი მისცეს.
უმუშევრობის და მძიმე სოციალური ფონის პარალელურად, ფასები მატულობს საკვებ პროდუქტებზე _ “საქსტატის” მონაცემებით, მიმდინარე წელს, საარსებო მინიმუმი ყველა თვეში სხვადასხვა იყო: იანვარში _ 152.7 ლარი; თებერვალში _ 158.7; მარტში _ 160.6; აპრილში _ 163.2; მაისში _ 166.4; ივნისში _ 158.6; ივლისში კი 153.0 ლარი.
მინიმალური სასურსათო კალათა ყველა იმ აუცილებელ პროდუქტს მოიცავს, რომლის მიღებაც ადამიანისთვის აუცილებელია: პური, ხორცი, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოთვლილ საარსებო მინიმუმის კალათაში არ შედის არც კომუნალურ ხარჯები და არც აუცილებელი, პირადი მოხმარების საგნების ღირებულება.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დღეს, საქართველოში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი 115 ლარია, ხოლო პენისია 90 ლარს არ აღემატება. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას საარსებო მინიმუმიც კი არ გააჩნია.
სამაგიეროდ, დიდი ხელფასები აქვთ ჩინოვნიკებს, რასაც ემატება სატელეფონო ბარათები და ყოველთვიური საწვავის ხარჯი, რომელიც არავინ იცის, ხმარდება თუ არა საქმეს, რადგან არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობს შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალი და ძალიანაც რომ მოინდომოთ, ვერ გაიგებთ ვინ, როდის და რისთვის დახარჯა გამოყოფილი საწვავი და სატელეფონო ბარათი.
საყოველთაო სიდუხჭირის ფონზე იმართება ძვირად ღირებული ფესტივალები, სპექტაკლები, ზღვისპირეთში მილიონობით დოლარი იხარჯება ცნობილი ვარსკვლავების ჩამოყვანაზე: _ ენრიკეს კონცერტი შესანიშნავი გამოვიდა; “ქეთომ და კოტემ” დაგლიჯა; თიკოს სექსი მოუნდა; შორენამ გაიხადა… ეს ღონისძიება სულ “რაღაც” 2 მილიონი დაჯდა, სამაგიეროდ, იყო ბევრი გაღიმებული სახე, _ ასეთი ტიპის ფრაზები ხშირად ესმის გაჭირვებულ მოსახლეობას შედარებით შეძლებული მეზობლის ტელევიზორიდან. ამავე ტელევიზორიდან მათ შვილებსაც ესმით სასიამოვნო ხმა: _ “ბარამბო საუკეთესოა!” “გაიგრილეთ ზაფხული “კოკა-კოლასთან” ერთად!”
_ რა არის “ბარამბო”? “კოკა-კოლას” მიყიდი? _ მირბიან პატარები მშობლებთან, რომლებსაც თვალებში ცრემლები უდგებათ.
_ დაპირება პურს კარგა ხანია აღარ მაჭმევს! _ იტყვიან მშობლები დანანებით, თუმცა, მსგავსი დაპირება არჩევნების წინ იმედს ისევ ჩაუსახავს და საარჩევნო ყუთთან მითითებულ ნომერსაც დაუფიქრებლად შემოხაზავენ: _ ეგებ, ამჯერად მაინც არ მომატყუონ, _ თავს მოიტყუებენ, დაკეცილ ბიულეტენს ყუთში ჩააგდებენ და სახლში ნაყინს და ლიმონათს დანატრებულ ბავშვებს დაუბრუნდებიან.