(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ როგორც www.lanchkhuti.org.ge იუწყება, მარიამობის დღესასწაულზე, აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში მაცხოვრის ხატი დააბრძანეს. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, საზეიმო პარაკლისი გადაიხადა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა სასულიერო პირებთან ერთად. ხატი, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა, საზოგადოება “აკეთელის” თავმჯდომარის, მურმან ქურიძის ხელშეწყობით დაიწერა. მანვე ეკლესიას ღობე და ჭიშკარი შემოსწირა. მეუფემ ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტაძრის აშენება ყველაზე დიდ სასწაულად მოიხსენია.
დღესასწაულზე, აკეთში სპეციალურად ჩამოვიდნენ მამუკა და როსტომ თავდგირიძიეების შთამომავლები. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ქობულეთის სარდალ-მეომარი მამუკა თავდგირიძე (სოლომონ პირველის სიძე) აქტიურად იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ, მე-18 საუკუნეში ის სწორედ მაცხოვრის ეკლესიის ახლოს დასახლდა.
ვისაც სურს წვლილი შეიტანოს აკეთის მაცხოვრის ეკლესიის აღდგენის საქმეში შეუძლია მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან დარეკონ 700610-ზე.