(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთში ყველა იმედით უყურებდა, როდის დასრულდებოდა ახალი წყალმომარაგების პროექტი. როგორც ხელისუფლება არწმუნებდა ხალხს, ისინი ყოველდღიურად სუფთა წყალს მიიღებდნენ. წყალმომარაგების პროექტი უკვე რამდენიმე წელია დასრულდა, ოზურგეთში წყალი მოდის, ოღონდ, ხან ყავისფერი, ხან ანკარა და ხან კიდევ მწერებითა და მატლებით “შეზავებული”.
“გურია ნიუსის” რედაქციას ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებმა კითხვით მიმართეს: _ როდის დადგება ის დრო, როცა ონკანიდან ყავისფერი წყალი არ წამოვა? მათ საეჭვო შეფერილობის წყლით სავსე ბოთლი გვაჩვენეს, რომელშიც ხრეშიც ჩანდა.
ამ პრობლემის მოგვარებას ვერც წყალკანალში ყოველწლიურად ახალ-ახალი უფროსების დანიშვნამ უშველა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ხელმძღვანელობის გამოცვლა პრობლემას ვერ მოაგვარებს.
შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ოზურგეთის სერვის-ცენტრის მენეჯერის ვანო ტაბატაძის თქმით, სათავე ნაგებობაზე, ერთ თვეში სარემონტო სამუშაოები დაიწყება და ეს პრობლემაც გადაიჭრება.