დღევანდელ საქართველოში უკვე აღარავის უკვირს მოსიარულე ძეგლები, ასევე, ძეგლების უცებ გაქრობა და სადღაც გადამალვა. ოზურგეთში სტალინის ბიუსტი გასული კვირის ოთხშაბათს აიღეს და ჩვენთვის უცნობ ადგილას გადაიტანეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ილია ვაშაყმაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, ბიუსტი დროებით შეინახეს, თუმცა, არ აკონკრეტებს _ სად.
_ ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს იუსტიციის სახლის მშენებლობა და ბიუსტი რომ არ დაზიანებულიყო, მოხდა მისი შენახვა, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ილია ვაშაყმაძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის იურისტის, ქეთი თოიძის თქმით, “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ძეგლის გადაადგილების ან დემონტაჟისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი კანონით დადგენილი საფუძვლები, მაგრამ ამისთვის ძეგლს მინიჭებული უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი:
_ ნებისმიერ მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლს (ქანდაკებას) შეიძლება არ ჰქონდეს მინიჭებული ძეგლის სტატუსი მისი მხატვრული თუ ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე. საქართველოს ტერიტორიაზე ქანდაკებების განთავსებისა და დემონტაჟის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით. ამისათვის იქმნება სპეციალური საექსპერტო საბჭო, რომელიც განიხილავს ქანდაკების მხატვრულ-ესთეტიკურ დონეს, შესაბამისობას ტერიტორიის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურასთან და მისი მიზანშეწონილობის სხვა საკითხებს. შესაბამისად, თუ კი აღნიშნული ქანდაკების განთავსების დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული იყო შესაბამისი ნებართვა, საბჭოს ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეეძლო მიეღო ქანდაკების გადაადგილების ან დემონტაჟის გადაწყვეტილება. თუკი ასეთი ნებართვა გაცემული არ ყოფილა, მაშინ თვითმმართველობას შეეძლო ამ ქანდაკების დემონტაჟი, როგორც თვითმმართველობის ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებულის, რაზედაც იგი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს, _ თქვა ჩვენთან ქეთი თოიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ლავრენტი ქვილორიას თქმით, ის არ ფლობს სტალინის ბიუსტთან დაკავშირებით ინფორმაციას და გვირჩევს, რომ წერილობით მივმართოთ გამგეობას:
_ მოგვწერეთ, ან მიმართეთ პრესსამსახურს და 18 დღეში (?!) გიპასუხებთ, _ გვითხრა კანონების “ზედმიწევნით კარგად მცოდნე” ქვილორიამ.