(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ “ოქროს გოგოდ” შეფასებული ჩოხატაურელი მომღერალი, ეთო ბერძენიშვილი “ჯეოსტარის” ფინალში ვერ მოხვდა. ჟიურის არც ერთ წევრს არ გაუკეთებია კომენტარი, თუ რა გახდა ბერძენიშვილის დაწუნების მიზეზი მაშინ, როცა რამდენიმე ტურის განმავლობაში ჟიურის ყველა წევრი ეთოს მიმართ სიმპათიებს არ მალავდა. უფრო მეტიც, ბათუმში გამართულ კასტინგზე აღნიშნეს კიდეც, რომ ბერძენიშვილი მომავალი ვარსკვლავია.
უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო ტური საკმაოდ რთული იყო. როგორც გავიგეთ, კონკურსანტებს სამი ახალი სიმღერის შესასწავლად მხოლოდ 2 დღე მისცეს.
ეთო ბერძენიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის აღსაზრდელია. აღსანიშნავია, რომ კონკურსის მანძილზე, ცენტრის პედაგოგი, ლარისა დოლიძე გვერდიდან არ მოსცილებია და ყველანაირად ცდილობდა კონკურსანტის დახმარებას. ეთოს ფინანსური დახმარება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამაც გაუწია.
მიუხედავად იმისა, რომ გურული კონკურსანტი ფინალში ვერ მოხდა, უნდა ითქვას, რომ თავისი შესანიშნავი ხმით, მან შეძლო და საქართველო მოხიბლა, რაც გასულ ორშაბათს “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულმა სიუჟეტმაც დაადასტურა.