"თავისუფალმა დემოკრატები" იმედაშვილის გამგებლად დანიშვნას გამოეხმაურნენ
(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ "გურიის თავისუფალი დემოკრატები" არაგონივრულს უწოდებენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე ლელა იმედაშვილის დანიშვნას. ამის შესახებ მათ იმედაშვილის დანიშვნიდან სამი საათის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თქვეს.
_ არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჩოხატაურის გამგებლის დანიშვნის ფაქტს. ჩემის აზრით, ეს არაგონივრული, თავსმოხვეული გადაწყვეტილებაა, რომელიც ანგრევს თვითმმართველობის ძირეულ პრინციპებს. ეს არის პირველ რიგში, ჩოხატაურის საკრებულოს მიმართ სრული უნდობლობის გამოცხადება და გარკვეულწილად, ჩოხატაურის საზოგადოებისთვის უპატივცემულობის გამოხატულება. ასეთ გადაწყვეტილებებს შეგვიძლია, ვუწოდოთ ეთიკის, სუბორდინაციის ჩარჩოდან გასული, რომელიც თვითმმართველობას, როგორც თვითმმართველ ორგანოს, უკარგავს ფუნქციას და ის შეიძლება, დაშლილად ჩაითვალოს. აღარაფერს ვამბობ იმ მთელ რიგ პროცედურულ დარღვევებზე, როგორც მიმდინარეობდა დანიშვნის მთელი პროცესი. სამწუხაროდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილების გახორციელებაში.
ასეთი გადაწყვეტილებები ძალუძთ მხოლოდ ვითომ დიდ პოლიტიკოსებს და ვითომ დიდ გურულებს, რომლებიც პიარით აშენებენ საქართველოს, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს. დრო ყველაზე ბრძენია _ ის ყველაფერს სწორად შეაფასებს, _ თქვა ოზურგეთელი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა თემურ სალუქვაძემ.