(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროდ ინფორმაციით, გურიაში სახელისუფლო ცვლილებები იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ ჩოხატაურის გამგებლის თანამდებობა გია გიორგაძემ დატოვა _ ეს ბოლო ერთ წელიწადში რეგიონში გახორციელებული მეოთხე საგამგებლო ცვლილებაა. ერთადერთი ლანჩხუთია, სადაც გია გოგუაძე ამ პოსტს ინარჩუნებს. რაც შეეხება ოზურგეთსა და ჩოხატაურში, იქ თითო გამგებელი ან დააპატიმრეს ან გასაქცევად გაუხადეს საქმე. მეტად საინტერესოა, ჩოხატაურის ახალი გამგებლის კანდიდატურა _ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი. კულუარული ცნობით, ამ “არჩევა”-დანიშვნას ორმაგი დანიშნულება აქვს _ ოზურგეთი (ანუ გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი) ჩოხატაურზე კონტროლს იღებს, რაც მისი გავლენების გაძლიერებას ნიშნავს, ამასთან აღსანიშნავია, რომ ახალი კანდიდატი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის და გახლავთ. მართალია, ქალბატონი იმედაშვილი რეგიონში ერთ-ერთ გამორჩეულ კადრად ითვლება, თუმცა, მისი გამგებლად დანიშვნას კულუარებში ზურაბ ადეიშვილის გურული გავლენების გაძლიერებით ხსნიან. ჩვენ ვწერდით კიდეც, რომ გავლენიანი მინისტრი გურიისკენ “საეჭვოდ იხედება”. ეს კი არა, არ გამორიცხავენ, რომ ადეიშვილისა და ჩიტაიშვილის გასაძლიერებლად გარკვეული ცვლილებები ლანჩხუთშიც გახორციელდეს, თუმცა სამთავრობო წყაროები, ფაქტობრივად, გამორიცხავენ, რომ ლანჩხუთის მოქმედ გამგებელს ამ ეტაპზე მაინც რაიმე პრობლემა შეექმნას. მეტიც, მას უალტერნატივო კადრად ასახელებენ.
ჩვენ რეგიონში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარისთვის გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დავუკავშირდით:
_ ბატონო ვალერი, გარდა ჩოხატაურის გამგებლის შეცვლისა, სხვა რაიმე საკადრო ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?
_ ყველაფერია მოსალოდნელი. არ გამოვრიცხავ სხვა ცვლილებებსაც. ეს არის მუდმივი პროცესი და ამაში გასაკვირი არაფერია.