გოჩა გათაშვილი პროფესიით მუსიკოსია. მან წარმატებით დაამთავრა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ქუთაისის ფილიალი) საორკესტრო ფაკულტეტზე, კონტრაბასის სპეციალობით, რომლის დამთავრების შემდეგ წლების მანძილზე იყო კონსერვატორიის დეკანი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; არის ასოცირებული პროფესორი; ხელმძღვანელობდა საესტრადო ანსამბლებს ქუთაისში და ზესტაფონში. მისი ანსამბლები სისტემატურად იღებდნენ მონაწილეობას კონცერტებსა თუ სხვადასხვა ფესტივალებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც და მაყურებლის მხურვალე ოვაციებსაც იმსახურებდნენ.
დღეს გოჩა გათაშვილი ჩოხატაურში ცხოვრობს და ისევ ხელოვნების სფეროში დაიწყო მუშაობა.
_ ბატონო გოჩა, თქვენ ოჯახთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, ჩოხატაურში ცხოვრობთ და მცირე ბიზნესსაქმიანობას ეწევით. რამ გადაგაწყვეტინათ კვლავ ხელოვნებას დაბრუნდებოდით, ანუ საიდან დაიბადა კულტურის ცენტრში ბენდის შექმნის იდეა?
_ ეს იდეა უნიჭიერესი ჩოხატაურელი ხალხიდან წამოვიდა. თითქმის ყველა გურული საუკეთესოდ მღერის. ჩოხატაურში არის შესანიშნავი ანსამბლები და ეს არცაა გასაკვირი _ ჩვენ ხომ პოლიფონიის შუაგულში ვცხოვრობთ და მრავალხმიანობა ამ ხალხის სისხლსა და ხორცშია გამჯდარი.
_ რა ჟანრში იმუშავებს თქვენი ანსამბლი და რა ასაკის მუსიკის მოყვარულებს შეუძლიათ თქვენთან გაწევრიანება?
_ ყველასათვის კარგადაა ცნობილი ანსამბლი “შინი,” სწორედ ასეთ სტილში ვიმუშავებთ. ბენდი დაუკრავს ელექტრონულ და კლასიკურ გიტარაზე, გვექნება ხალხური ინსტრუმენტები: ფანდური, ჩონგური, ჭიპონი, გუდასტვირი, ტამტამები და სხვა. რაც შეეხება ასაკს, ჩვენთან მიიღებიან 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდები. კასტინგის განაცხადი შეუძლიათ შეავსონ კულტურის ცენტრში 10 ოქტომბრამდე. მინდა ვუთხრა ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ არ დაიზარონ და მოვიდნენ ჩვენთან _ მათ მიეცემათ იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები. გპირდებით _ ჩვენ შევქმნით მაღალი დონის პროფესიონალურ ანსამბლს და შევძლებთ, ნებისმიერი ქვეყნის დიდ საკონცერტო დარბაზში დავუკრათ და ვიმღეროთ. ამის მისაღწევად, ნიჭთან ერთად, დიდი შრომაა საჭირო. მე რამდენიმე რეპეტიცია უკვე ჩავატარე ანსამბლის რამდენიმე წევრთან და ძალიან კმაყოფილი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდების უზარმაზარი დაინტერესება დავინახე. მათი მონდომება და ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ გულახდილად განვაცხადო _ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ჩოხატაურელები თავიანთი შემოქმედებით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც წარმატებით წარდგებიან.