ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ და რაიონულ სამმართველოებში კადრების წმენდა დაიწყო. უკვე შერჩეული და დანიშნულია გურიის პირველი პოლიციელის, დავით ცირეკიძის მიერ რეკომენდაციაგაწეული სამართალდამცავები. ყოფილი უფროსის, გიგა ჯაფარიძის კადრებს კი თანამდებობები დაატოვებინეს, მათ შორის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსებს. აღსანიშნავია, რომ სავარძელს ინარჩუნებს სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ბირთველიშვილი.
წყაროს თქმით, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, დავით ცირეკიძის მოადგილედ, დეტექტივების სამმართველოს უფროსად ქუთაისელი, 32 წლის ლაშა ბოლქვაძე დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე გიგა ჯაფარიძის კადრი _ დავით დარასელია შეცვალა.
ლანჩხუთის პოლიციის უფროსის პოსტი 38 წლის გივი გიგიაძემ დაიკავა, რომელიც ბოლოს ქუთაისის პოლიციის სამმართველოს გელათის განყოფილების უფროსი იყო.
ოზურგეთის პოლიციის მთავარ სამმართველოს 34 წლის ზვიად სვანიძე უხელმძღვანელებს. იგი წარმოშობით წყალტუბოდანაა და ბოლოს ქუთაისის პირველი განყოფილების უფროსი იყო.
საკადრო ცვლილებები და პოლიციიდან ძველი კადრების სახლში გაშვება, უახლოეს პერიოდში ისევ იგეგმება და მოსალოდნელია, რომ გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში იმერეთიდან ჩამოსული კადრები დასაქმდეს.
“გურია ნიუსს” დავით ცირეკიძემ უთხრა, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად პრესსამსახურს დავკავშირებოდით. თუმცა, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მაია გიორგაძე, ტრადიციულად, მხოლოდ დაპირებით შემოიფარგლა: “აჭარაში ვიმყოფები. ამის შესახებ არაფერი ვიცი. დავაზუსტებ და დაგირეკავთ”, _ გვითხრა გიორგაძემ.