(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 30 სექტემბერს, ოზურგეთის აგრარული (ძველი) ბაზრის მოვაჭრეებს ზედამხედველობის სამსახურმა კვლავ მოსთხოვა, დაეტოვებინათ სადავო ტერიტორია.
შეტყობინების უწყისში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მითითებულია, რომ “წინასწარი შემოწმებით დადგინდა: აქ თვითნებურადაა განთავსებული მსუბუქი კონსტრუქცია, რომელზეც ხორციელდება ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა. ამიტომ ეს ადგილი მიჩნეულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილად და პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ჯარიმით 500 ლარის ოდენობით. სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულია ყველა, ვინც აქ ვაჭრობს და თითოეული მათგანი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობის თანხით”.
ერთ-ერთი მოვაჭრე ლიდა გოგუაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ზედამხედველობის სამსახურის მეოთხე თუ მეხუთე მოსვლაა: _ არსად არ წავალთ. ჩვენ აქ ვივაჭრებთ. გადავიხდით ფულს, მეტი რა უნდათ? _ ამბობს იგი.
მოვაჭრეთა დიდი ნაწილი, რომელიც აგრარული პროდუქციის გაყიდვით არის დაკავებული, მიიჩნევს, რომ მათ მხოლოდ ბოსტნეულით ვაჭრობის გამო ებრძვიან, მაგალითად კი იქვე მდგომი სხვადასხვა ნივთებითა თუ სამოსით მოვაჭრეები მოჰყავთ, რომლებსაც არაფერს არ ეუბნებიან: _ არც ჯარიმას გადავიხდით და არც არსად წავალთ. როგორ გაგვაგდებენ, ვნახოთ, _ ამბობენ ისინი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე მიიჩნევს, რომ ვაჭრობა კანონდარღვევით მიმდინარეობს და როგორც კი ანუ წვიმა გადაიღებს, მოხდება მათი გადაყვანა ან გაძევება აღნიშნული ტერიტორიიდან: _ იქ ბაზარი აღარ არის. უნდა გადავიდნენ, სადაც არის ახალი აგრარული ბაზარი. მათ კანონდარღვევისთვის დაკისრებული აქვთ ჯარიმა და უნდა გადაიხადონ.
თავის მხრივ, მოვაჭრეები აპირებენ, ადვოკატთან გაარკვიონ, რა ჩაიდინეს ისეთი, რომ სასჯელი აქვთ წაყენებული ზედამხედველობის სამსახურის მიერ.