(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარისთვის ლანჩხუთის ყოფილ მაჟორიტარს, ბიძინა გუჯაბიძეს დავუკავშირდით: _ ეს არის უაღრესად დადებითი გადაწყვეტილება. ქართულ პოლიტიკა გამოაცოცხლა ბატონი ბიძინას ამ გადაწყვეტილებამ. ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაგვემატა ერთი სერიოზული მოთამაშე. ჯერჯერობით, სხვა არაფერია ცნობილი. დაველოდოთ, თუ ვინ იქნებიან მის გუნდში. კულუარებში ამბობენ, რომ იქ იქნებიან მსახიობები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებზეც ბიზნესმენს დიდი ამაგი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური გუნდი. ივანიშვილი ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, დაეყრდნობა, პარტიის სახედაც ეყოლება, მაგრამ პოლიტიკურ გუნდში, ალბათ, ამ სფეროში გამოცდილ ადამიანებს დაიყენებს გვერდით, _ გვითხრა ექს-პარლამენტარმა.
გურიის სახელისუფლო წყაროებმა გვითხრეს, რომ ამჟამად უპარტიო რამდენიმე გურული ოპოზიციონერი შეეცდება ბიზნესმენთან დაკავშირებას და მისი კეთილგანწყობის მოპოვებას. ვინ იქნება ახალი პოლიტიკური ფიგურის დასაყრდენი გურიაში, ალბათ, მალე გამოჩნდება. არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილისთვის გურია დასაყრდენი რეგიონიც იყოს _ ის ხომ წლის დიდ ნაწილს, ოჯახთან ერთად, შეკვეთილში ატარებს.