_ გუბერნატორი 10 წელი აქ, ჩვენთან, ჩაის ფაბრიკაში მუშაობდა, ყველას გვიცნობს. არ უნდა მოვიდეს და არ უნდა ნახოს ეს სიტუაცია? ამის მეტად არ უნდა მოგვაქციოს ყურადღება?
ქალაქ ოზურგეთში, კიტა მეგრელიძის ქუჩის მცხოვრებლებმა “გურია ნიუსს” დახმარებისთვის მიმართეს.
_ 5 წელიწადია, ასე ვართ, როგორც ხედავთ. ვინ არ შევაწუხეთ. გახსოვთ, ქუჩაც გადავკეტეთ, აქციაც მოვაწყვეთ სოციალური პრობლემების გამო, სადაც, სხვათა შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებიც გვესწრებოდნენ. წყალი მთლად ეზოში ღვარად ჩამოგვდიოდა. მაშინ გამგებელ ტაკიძეს ვუთხარი, გააღე ჭიშკარი და ჩადი ეზოში,-მეთქი. გამაჩერა თბილი სიტყვით: _ ეჰ, დეიდა, არ მაქვს საშუალება, თორემ გაგიკეთებდითო. რამდენიმე დღეში კი, დეიჭირეს ბებია, _ გვითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა.
_ რომელი საუკუნეა?! წყალი რომ არ გექნება, აგია მუნიციპალიტეტი? ამ გზაზე ფეხით მოსიარულე ვერ დადის. წყლის მილები სულ დახეთქილია, გადმოდის წყალი ქუჩებში ღვარად. ამ ბოლოს ახალ გამგებელს დავურეკეთ. სხვათა შორის, მაშინვე მოგვაქცია ყურადღება. გამოაგზავნა თანამშრომელი და პრობლემა დროებით მოაგვარა. იმ აქციაზე დაგვპირდნენ, ტენდერი გამოცხადდება სექტემბერში და გამარჯვებული ფირმა მოაწესრიგებს ამ პრობლემასო. მეორე თვე დაიწყო და ჯერ არაფერი ჩანს. იქნებ, თქვენ გაგვაგებინოთ, რა ხდება?
_ მოახლოვდება არჩევნები, აფაფხურდებიან, მერე გაჩერდებიან. ახლაც, ალბათ, არჩევნებს ელოდებიან და დაიწყებენ. სად მიდის ამდენი ფული? მოსახლეობას მისი კუთვნილი არ უნდა მოახმარონ? მატლებიანი წყალი მოდის, ჭიაყელებიანი, მთელი ზაფხული საშინელ დღეში ვიყავით, ამ კარიერების მანქანებმა ხომ სულ გადათხარეს ყველაფერი. წუხელ, ღამის 4 საათი იქნებოდა, დადიოდნენ. წნევიან მოხუცებულებს და ბავშვებიან ოჯახებს სულის მოთქმის საშუალება არ გვაქვს, დარში მტვერი გვახრჩობს. კი, ბატონო, სახელმწიფოსაა გზა და ვერ მოუშლი, მაგრამ მაშინ არ არის სახელმწიფოს, გაკეთება რომაა საჭირო? რა დავაშავეთ, გაგვაგებინონ? მილები სულ ამ მანქანებმა დახეთქეს, კაცი არაა პატრონი, არ უნდა მოგვხედონ ცოტა? ამ ქუჩაზე 180 მაცხოვრებელია, ამხელა ქუჩაა და რა დღეშია. შეიძლება ადამიანების ასე “ფეხებზე დაკიდება?” რომელი საუკუნეა, წყალი არ უნდა მქონდეს პენსიონერს სახლში? 5 წელია წყალი არ მაქვს და გადასახადი მომივიდა! _ ამბობენ კიტა მეგრელიძის მცხოვრებლები “გურია ნიუსთან” საუბარში.
ასევე, მძიმე პირობებში ცხოვრობენ იქვე მდებარე ე.წ. “ჩაის ფაბრიკის” ბინებშიც. როგორც იქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ კანალიზაციის მილები დასკდა.
_ სულ წყალში ვართ, დამსკდარია მილები, პატრონი არავინაა და გადასახადზე კი მოდიან უცებ, _ ამბობს მ. გრიგალაშვილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ილია ვაშაყმაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ქუჩაზე ნამდვილად ცუდი სიტუაციაა:
_ როგორც კი დაგვირეკეს და დახმარება გვთხოვეს, მაშინვე ვეცადეთ, რომ დროებით შეგვეჩერებინა წყლის ქუჩაზე გადმოსვლა. ამოვწმინდეთ მილები და მალე წყალიც გავიდა. ისინი ითხოვენ არხის გაყვანას, მაგრამ ჯერ უნდა მოხდეს მილების ჩალაგება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა გააკეთებს. სანამ ეს მილები არ მოწესრიგდება, არხის გაყვანა არ მოხერხდება, აზრიც არ აქვს. ოქტომბრის ბოლოს უკვე ბოლო პასუხს ველოდებით, როგორც კი ეს გაკეთდება, მერე ჩვენ არხს გავიყვანთ და გზის გაკეთებაზე ვიზრუნებთ. ასე პერიოდულად გავაკეთებთ ჩასატარებელ სამუშაოებს და პრობლემებსაც მალე მოვაგვარებთ, _ თქვა ვაშაყმაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ პრობლემებს იცნობს: _ ვიცი მათი პრობლემების შესახებ, ესაა უწყლობა და უგზოობა. ჩვენ იქ მცხოვრებლებს დავპირდით, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება. მალე გზაც გაკეთდება, გპირდებით.
_ ანუ პრობლემები მალე მოგვარდება, რამდენიმე დღეში დაიწყება სამუშაოები?
_კი, რა თქმა უნდა, _ გვითხრა მამეშვილმა.
ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას შეასრულებს თუ არა ხელისუფლება დანაპირებს, რომელზეც ადამიანების სასიცოცხლო გარემოს მინიმალური მოწესრიგებაა დამოკიდებული.