14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ოზურგეთში, დაბა ურეკის კულტურის სახლში საერთაშორისო ფოლკლორის მეორე ფესტივალი გაიხსნა. იგი ცნობილი ლოტბარის, ქორეოგრაფის, გიორგი სალუქვაძის სახელს ატარებს.
ფესტივალი კონკურსის ხასიათისაა, მას ორგანიზება გაუწია საინიციატივო ჯგუფმა “არტ გურიამ”, რომლის დირექტორია ნოდარ გოგუა, სამხატვრო ხელმძღვანელი _ ვასილ ჩიგოგიძე, ქორეოგრაფი _ მერაბ მორჩილაძე.
როგორც შევიტყვეთ, მოწვეული სტუმრებიდან ვერ ჩამოვიდნენ ჩეჩნეთის და ინგუშეთის ანსამბლები. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მათ არ მისცეს საზღვარზე გადმოსვლის უფლება: _ ბათუმში ჩამოსული ხელმძღვანელი უკან გააბრუნეს. რუსულმა “კაგებემ” გააკეთა ეს. ჩვენ ვაფასებთ მათ ჩვენთან ყოფნის სურვილს და მხარდასაჭერად მთელი დარბაზი აპლოდისმენტებს ვუგზავნით, _ აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.
ფესტივალი ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “გურიამ” გახსნა, შემდეგ სცენა დაეთმო ლიტველ სტუმრებს _ ქალაქ როკიშკისკის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლ “გასტაუტას”, მათთან ერთად სცენაზე ოზურგეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი “შვიდკაცა” მიიწვიეს. ლიტველი სტუმრები ესტონეთიდან ჩამოსულმა ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა შეცვალა.
ფესტივალის პირველი დღის ორნაწილიან პროგრამაში ანსამბლ “გურიას” მიერ შესრულდა გიორგი სალუქვაძის ცეკვა “კალმახობა”. მეორე ნაწილი დაეთმო კონკურსს, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აფასებდა.