ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში ბერა ივანიშვილმა გაავრცელა: “გუშინ საღამოს დააკავეს ჩემი და თქვენი მეგობარი, ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე (DJ რემბო). ის “ქართული ოცნების” მაისურებს არიგებდა… ვერ შევჩერდებით, მთელი თაობა მოგვყვება!” _ აღნიშნა ბერამ.
როგორც ლევან მდინარაძის დამ, იზა მდინარაძემ გვითხრა, დაკავების შემდეგ, მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს:
_ ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა, ვერაფერი აღმოაჩინეს და ვერაფერსაც ვერ იპოვიან, რადგან ლევანი დამნაშავე არ არის, თუმცა, არაფერია გამორიცხული, თუ… _ აღნიშნა იზა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
როგორც გავარკვიეთ, მდინარაძისთვის ბრალი ამ დრომდე ოფიციალურად არ წაუყენებიათ. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამართალდაცველებმა მას ჯიბეში მარიხუანა უპოვეს. “გურია ნიუსთან” საუბრისას მდინარაძის და, იზა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოჯახისთვის დაკავების დეტალები და რეალური მიზეზი უცნობია. თუმცა, დარწმუნებით ამბობს, რომ ლევან მდინარაძისთვის მარიხუანას აღმოჩენა სიმართლეს არ შეესაბამება.
ლევან მდინარაძე ბერა ივანიშვილის მეგობარია და, როგორც შევიტყვეთ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
მდინარაძის დაკავების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ დრომდე ამ ფაქტზე სხვა განცხადებებიც არ გავრცელებულა.