(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთელმა კარატისტებმა ზედიზედ ორ შეჯიბრში მიაღწიეს წარმატებას. ბოლოს თბილისში გამართულ საკლუბო ჩემპიონატში ჩვენებურები 9 სპორტსმენით იყვნენ წარდგენილი და ყველა მათგანმა საპრიზო ადგილი დაიკავა: _ ჩვენ გარდა, შეჯიბრში თბილისის რამდენიმე, გორის, ახალციხის, კასპისა და მცხეთის გუნდები მონაწილეობდნენ. სულ 9 წევრი გვყავდა და 10 საპრიზო ადგილი ავიღეთ _ ხუთი I, ორი II და სამი III. დამატებული გვყავდა მამათის გუნდის წევრები, რომელსაც ჩემი მოსწავლე მანუჩარ ჩხაიძე ავარჯიშებს და მიხარია, რომ მათი გამოსვლა წარმატებული გამოდგა, _ გვითხრა კარატე-დოს გურიის ფედერაციის ინსტრუქტორმა, მერაბ თურქიამ.
თბილისის საკლუბო შეჯიბრზე პირველი ადგილები დაიკავეს: გიორგი ჩხაიძემ (8-9 წლიანებში, მსუბუქი წონა), გოტო ჩხაიძემ (8-9 წ. მძიმე), გუგა ივანაშვილმა (10-11 წ. მსუბუქი), თორნიკე ცინცაძემ (12-13 წ. მძიმე) და ნანა ჩხაიძემ (12-13. აბსოლუტური). მეორე ადგილზე ჯერ მსუბუქ და შემდეგ მძიმე წონაში გავიდა გიორგი კეჭახმაძე (12-13 წ.), ერთხელ მან “ლანჩხუთური ფინალი” წააგო (თორნიკე ცინცაძესთან). მესამეზე გავიდნენ: ონისე ცინცაძე (10-11 წ. მსუბუქი), ქეთი გოგიჩაიშვილი (12-13 წ. აბსოლუტური) და ნიკა ჩხაიძე (14-15 წ. მძიმე).
ამ წარმატებამდე ჩვენებურებმა ფოთის ღია ტურნირზეც 10 საპრიზო ადგილი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ: სოსო, გიორგი, ანა ჩხაიძეები, გიორგი კეჭახმაძე და ანა როყვა. მხოლოდ ფინალები წააგეს საბა გოგოძემ, ვაკო დემურიამ, თამაზ დარჩიამ და ნესტან რუსიეშვილმა. მესამეზე გავიდნენ: ირაკლი ჩხარტიშვილი, დათო და ლუკა ჩაქსელიანები, გივი სამსონია და გოტო ჩხაიძე.