“ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, მართლაც დადებითი მოვლენაა ჩვენი რაიონისთვის, ტერიტორიაც კარგად არის შერჩეული და მშენებლობაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, უკვე დასასრულსაც კი უახლოვდება. თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ ლამაზი, თანამედროვე ტიპის შენობა ვერ სცემს პასუხს ყველა იმ კითხვასა, რომელიც ამ დარგში არსებობს ჩვენს რაიონში”, _ აღნიშნა “გურიის თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, თემურ სალუქვაძემ გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე.
მისი ინფორმაციით, საავადმყოფოს გახსნა და ლენტის გაჭრა 23 ნოემბერს პომპეზურად უნდა მოხდეს, იმ დროს, როდესაც არ წყდება მითქმა-მოთქმა მოსახლეობაში საავადმყოფოს სტრუქტურულ მოწყობასთან თუ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით: “მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია და შიშის თვალით შეჰყურებს ლამაზ შენობას, რადგან წინასწარი პროგნოზით სამედიცინო მომსახურება ფუფუნების საგანი გახდება ჩვენს რაიონში. აქვე შეგახსენებთ სამწუხარო სტატისტიკას _ რაც პომპეზურად და დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა ჩვენს ქვეყანაში, ზოგი წყალმა წაიღო, ზოგიც ჩამოინგრა და ა. შ. ამიტომ ჯობია, ვაკეთოთ საქმე პროფესიონალურად და არა პიარ-ელემენტებზე გათვლით. ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საკითხზე, რომელიც ასე აქტიურად მუსირებს ხალხში _ მხედველობაში მაქვს, საავადმყოფოში კადრების შერჩევა და მომსახურების ტარიფები”, _ თქვა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, არსებული ინფორმაციით, ტარიფები იქნება ძალიან მაღალი, რის შესაბამისადაც, ჯანდაცვა ხელმიუწვდომელი გახდება სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და ჩვენი ისედაც შეჭირვებული მოსახლეობისათვის, სამედიცინო პერსონალის ხელფასების დინამიკა კი გაურკვეველია: “საყურადღებოა სტრუქტურული გადანაწილებაც. ცნობილია, რომ გაერთიანდა შემდეგი განყოფილებები: კარდეოლოგია, ნევროლოგია, თერაპია და ის ერთ სამსახურად ჩამოყალიბდა. საერთოდ უქმდება ტუბდისპანსერი და მის ადგილას მხოლოდ ტუბკაბინეტი გვევლინება. ცვლილებები იგეგმება ქირურგიულ სამსახურშიც და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ზემოთ აღნიშნული მოვლენები შეეხო სასწრაფო დახმარებასაც. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს სამუშაო ადგილების გაუქმებას და ქვეყანაში უმუშევართა რიცხვის გაზრდას. ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უარი თქვა მოსახლეობის სოციალურად დაცვაზე. ამიტომ “ავერსის” ხელმძღვანელობას მინდა ვთხოვო _ გამჭვირვალე გახადოს არსებული პროცესები და მოსახლეობას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ყველა საკითხთან დაკავშირებით. ვთხოვ სპეციალისტებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროცესებში, თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმით მონაწილეობა მიიღონ სტრუქტურულ მოწყობაში, რათა ის თავისი სტრუქტურით სრულ თანხვედრაში მოვიდეს სამედიცინო სტანდარტებთან”, _ ამბობს სალუქვაძე.
როგორც გურიის რეგიონული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი, ლევან ანთაძემ “გურია ნიუსთან” საუბარში თქვა, ფასები იმაზე დაბალი იქნება, რაც არის: _ კომპანიის სტრატეგიაა, შენარჩუნდეს ის ფასები, რაც დღეს არის. ამ სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციის ნაწილი საკმაოდ გაბერილი იყო, შესაბამისად, ფასებიც და ვფიქრობთ, იგივე ფასებში ჩავჯდეთ, რაც იყო რეალურად და რაც არის. ბაზარზე დიდი შემკვეთი არის სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რეგულირება მის ხელშია.
რაც შეეხება იმას, თუ როდის გაიხსნება ე.წ. “ავერსის” კლინიკა, უფრო სწორად, კომპანია “მედალფას” მიერ აშენებული ახალი საავადმყოფო, ანთაძის განმარტებით, მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება.