(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ საკადრო ცვლილება გურიის პოლიციაში კვლავ გრძელდება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 19 ოქტომბერს, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის სამმართველოს უფროსად თბილისელი ლევან სიხარულიძე დაინიშნა. იგი 1992 წლიდან მუშაობს შსს ორგანოებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ბოლოს კი იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსად მუშაობდა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის სამმართველოს უფროსად ჩოხატაურელი რამაზ ჯინჭარაძე უნდა დანიშნულიყო, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მან პოლიციის აკადემიაში კურსები ვერ გაიარა.
საკადრო ცვლილება ურეკის პოლიციის განყოფილებასაც შეეხო _ ურეკის განყოფილების უფროსად ასევე თბილისელი დავით კაპანაძე დანიშნეს, რომელიც 1998 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამსახურებში მუშაობდა, ბოლოს კი ხარაგაულის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა ქირია კი ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში საუბნო განყოფილების უფროსად გადაიყვანეს.
“გურია ნიუსის” სატელეფონო ზარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარა-გურიის პრესსამსახურის უფროსი, მაია გიორგაძე, როგორც ყოველთვის, არ პასუხობს _ ჩვენ მასთან ზემოთ ხსენებული ინფორმაციების გადამოწმებას ვაპირებდით.