ქალაქ ოზურგეთში, გურიის ქუჩის ცენტრალურ ადგილზე მდებარე მოედანზე, ძველი ანუ კომუნისტების დროიდან მოყოლებული, სხვადასხვა ფანტან-შადრევნების “ფარდა” ეშვებოდა და ტრიალებდა, რაც მნახველს თუ მოსეირნე ადამიანებს ესთეტურ განცდას ჰგვრიდა. მოგვიანებით კი, აქ “მყვარი და ბაყაყი” ისე მომრავლდა, გურულები ხუმრობდნენ, “კრიმანჭულის” შემქმნელ ხალხს ყვაჭიჭები უნდა “გვიგალობდნენო”?
ვარდების რევოლუციის შემდეგაც, არა ერთხელ დაისვა საკითხი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ძალიან თვალშისაცემ ადგილზე მდებარე ჭაობის დაუყოვნებლივ მოწესრიგების შესახებ (“გურია ნიუსი” ამის შესახებ არა ერთხელ წერდა), თუმცა _ უშედეგოდ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ამირან გირკელიძე ამბობს, ყველაზე პრობლემური ჰიდრავლიკური ნაწილის მოგვარება იყო, რაც მიწის ზემოთ არსად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ამ ტერიტორიის ხერხემალს წარმოადგენს _ აქ სხვადასხვა შენობების მთელი კომპლექსია წარმოდგენილი.
ახლახან, ნოემბრის დასაწყისში, აქ მშენებლები გამოჩნდნენ და წლობით მოუწესრიგებელი მოედნისა და ირგვლივ მდებარე სავალი ნაწილის მოწესრიგება დაიწყეს. უფრო სწორად, ეს სამშენებლო პროცესია, რომელსაც ქალაქ ბათუმში რეგისტრირებული შპს “ქეთურინა” აწარმოებს. “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ მას ტენდერში გაუმარჯვია.
“გურია ნიუსი” ამ თემაზე ამირან გირკელიძეს ესაუბრა.
_ როგორც იქნა, გურიის ქუჩაზე მდებარე დანგრეული მოედნის რეკონსტრუქცია დაიწყო. ბატონო ამირან, სად და რომელ აუქციონზე გაიმარჯვა “ქეთურინამ”?
_ტენდერი გამოცხადდა 2011 წლის 16 სექტემბერს, სატენდერო პროცედურა კი დასრულდა 2011 წლის 24 ოქტომბერს და გამოვლინდა გამარჯვებული _ შპს “ქეთურინა”, რომელიც ქალაქ ბათუმშია რეგისტრირებული.
_ დაფინანსების წყაროს შესახებ თუ გვეტყვით და რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება აღნიშნული სამუშაოს შესრულებისას?
_ დაფინანსების წყარო არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი. აღნიშნული სამუშაო გათვალისწინებული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით და სახელმწიფო შესყიდვების გეგმით. შესყიდვა გახორციელდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნის მიხედვით, ელექტრონული ტენდერის შესაბამისად. რაც შეეხება თანხას, გაიხარჯება 214 440 ლარი. აქ გაშენდება ძალიან ლამაზი პარკი, ხალხი დაისვენებს, ახალგაზრდები გაერთობიან.
_ ეს თანხა საკმარისი იქნება ამ პარკის მაღალ დონეზე კეთილმოსაწყობად?
_ ეს სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა და რისი საშუალებაც იყო, ისე მოხერხდა.
_ როგორი იქნება განახლებული პარკის არქიტექტურა? უფრო გარეგნულ იერზე გეკითხებით.
_ ძირითადად, ადრე არსებული მრგვალი ფანტანის და “შადრევნის ფარდის” აღდგენა მოხდება. ეს კარგად ახსოვთ ოზურგეთელებს. აღდგება ზემოდან ჩამომავალი კიბე და ორივე მხარეს, მოაჯირებზე განათებები მოეწყობა; აუზის ირგვლივ და სპეციალურ გაზონებში დაირგვება ყვავილები. “ქეთურინა” ამ საქმეს, ვფიქრობ, ოზურგეთელთა მოსაწონად გააკეთებს. რაც მთავარია, აქ ხალხს ესთეტური გარემო შეეგებება და არა მაწანწალა ცხოველები, როგორც აქამდე ხდებოდა. მოისპობა ბაყაყების “ჰანგიც”, რაზეც ძალიან ხშირად და სამართლიანად სწუხდნენ ოზურგეთელები.
_ როდის დასრულდება პარკის განახლება-მშენებლობა?
_ მუშაობა ღია ცის ქვეშ ხდება და თუ ამინდი სერიოზულად არ გაუარესდა, 25 დეკემბრისთვის დამთავრდება. ეს საახალწლოდ ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ოზურგეთელებისთვის.