(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასულ პარასკევს, “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაში აქტიურად არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის _ “გადაარჩინე სიცოცხლის” წარმომადგენლები. მისი ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, გიგა გირკელიძის თქმით, უკვე ოთხი დღეა, ოზურგეთში ხელმოწერები გროვდება:
_ 800 ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. პროცესი გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. მარტო ჩვენ არ ვაკეთებთ ამ საქმეს _ 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ერთად გაერთიანებული, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. ის, რაც მოხდა, არის სამარცხვინო და უსამართლობა.
_ ბატონო გიგა, ხომ არ არის რაიმე სახის ხელისშემშლელი ფაქტორები?
_ მოსახლეობა ყოველგვარი დაფიქრების გარეშე აწერს ხელს და ითხოვენ, რომ ჩქარ ტემპში მოხდეს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის აღდგენა. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში წვიმს და როგორც კი გამოიდარებს, ვაპირებთ, ქალაქში რამდენიმე ადამიანმა იაროს. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია ხელი მოაწეროს მოთხოვნას, _ თქვა გიგა გირკელიძემ.