(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ა(ა)იპ “ოზურგეთის დასუფთავების” სამსახურის ინიციატივით უახლოეს კვირაში მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდება. სპეციალური კითხვარი, რომლითაც კარდაკარ ჩამოივლიან, ახლა შემუშავების პროცესშია: _ ჩვენ გვსურს, სუფთად გამოიყურებოდეს ჩვენი ქალაქი, შიდა თუ მიმდებარე ეზოები, რომლებიც მრავალსართულიან სახლებს აკრავს. სამწუხაროდ, ბევრგან ისეთი ვითარებაა, რა გროვებია თავმოყრილი, ვერ მიხვდები. ზოგი ამბობს, რომ ეს საშენი მასალაა და მიახლოებას გვიკრძალავს. მიწა კი, რომელზეც უამრავი ასეთი გროვა თუ ხარახურაა, სახელმწიფოსაა. ამიტომ, როგორც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაწყვეტს, ისე მოვიქცევით, _ ამბობენ აღნიშნულ სამსახურში.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლენა ქადეიშვილი მიიჩნევს, რომ მათ სურთ საზოგადოებას კითხვარით კიდევ ერთ იდეას შესთავაზებენ. _ ვფიქრობ, თუ ხალხი, ჩვენთან ერთად, თვეში ერთხელ გამოვა და დაგვეხმარება, ქალაქის სილამაზე თვალში საცემი გახდება, _ ამბობს იგი.