კვირას, სარკინიზგო მაგისტრალის ლანჩხუთის მონაკვეთზე, ცენტრალური სადგურიდან ერთ კილომეტრში, ბათუმის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ადგილობრივი მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა. როგორც გავიგეთ, მას მატარებელმა ფეხები მოაჭრა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იგი სახლში ცოლშვილთან ერთად ბრუნდებოდა. სარკინიგზო გადასასვლელზე ჯერ ცოლ-შვილი გადავიდა, შემდეგ თვითონ მამაკაცი, მაგრამ გადასწრება ვეღარ მოახერხა. აღნიშნული მონაკვეთზე მხედველობის არეალი ძალიან შეზღუდულია და ტრაგედიაც, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია. მართალია, დაშავებული სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ შემთხვევამდე 2 დღით ადრე, ჯაპანის სარკინიგზო გადასასვლელზე მატარებელი ავტომობილს შეეჯახა, რასაც ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო წლებში, სარკინიზგოს მაგისტრალის ლანჩხუთის მონაკვეთზე მატარებელმა კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა _ იმავე ადგილის სიახლოვეს, სადაც ახალგაზრდა ლანჩხუთელი მამაკაცი დაიღუპა, ასევე ერთი ახალგზარდა ემსხვერპლა ავარიას; გარდა ამისა, ნიგვზიანში ხანში შესული ქალბატონი, სუფსაში პოლიციელის მამა და იმავე სუფსაში კიდევ 2 ადამიანი გაიტანა მატარებელმა. რამდენიმე წლის წინ, მატარებელთან ასევე მანქანის შეჯახებას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
“გურია ნიუსი” გულისტკივილს გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს.