(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა კადრებს კვლავ კონკურსების გარეშე, ერთი პირის გადაწყვეტილებით ნიშნავს. საფინანსო სამსახურში, ხელშეკრულებით ახალი ბუღალტერი მადონა მამალაძე აიყვანეს, რომელიც ჩოხატაურის საავადმყოფოს ბუღალტერი იყო.
_ ეს არის კადრი, რომელმაც იცის თანამედროვე, ელექტრონული ბუღალტერია და მიმაჩნია, რომ გამგეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა.
_ ქალბატონო ლელა, თქვენ აქცენტებს უმუშევარი კადრების დასაქმებაზე აკეთებდით. რატომ გადმოიყვანეთ გამგეობაში დასაქმებული კადრი, ამ პროფესიის უმუშევარი ადამიანი ვერ იპოვეთ?
_ ეს არის თემა, საკითხი, რომელსაც გამოცდილება სჭირდება. თანამედროვე ბუღალტერიის მცოდნე კადრები ბევრი ნამდვილად არ არის. მე კონსულტაციები გავიარე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, ატარებენ ტრენინგებს და სწორედ მათ მომაწოდეს მამალაძის კანდიდატურა, _ გვითხრა იმედაშვილმა, რომელიც არ აკონკრეტებს რომელ “არასამთავრობო ორგანიზაციაზეა” საუბარი ან რომელ “თემას” არ სჭირდება გამოცდილი კადრები.
რაც შეეხება ეკონომიკის სამსახურში დანიშნულ ახალ კადრს, გია მინდაძეს, მას, თურმე, გამგებელი “გასაუბრებაზე შეხვდა”:
_ ამ ადამიანს მე გასაუბრებაზე შევხვდი. მინდაძე წლების მანძილზე თბილისში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. მან გამოთქვა მშობლიურ რაიონში დაბრუნების სურვილი და მეც ეს შანსი გამოვიყენე. მიმაჩნია, რომ გია მინდაძე ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, იმ ფონზე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, _ “განმარტა” გამგებელმა.