(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ქართულ ფეხბურთს თითქოს სხვა პრობლემები არ ეყოფოდა, ახლა ფეხბურთელებმა მოედანი მაყურებლების თანდასწრებით წაბილწეს!
კვირას, ლანჩხუთში, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მორიგი შეხვედრა გაიმართა _ იმის გამო, რომ ფეხბურთის ფედერაციამ და ფოთის ხელისუფლებამ “კოლხეთის” სტადიონი ზედ სეზონის წინ გადათხარეს და დღემდე ვერაფერი მოუხერხეს, კლუბი საშინაო მატჩებს მეზობელ ქალაქში ატარებს. მრავლისმნახველი “ევგრაფი შევარდნაძე” კი თავის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო ფაქტის მომსწრე შეიქმნა _ “კოლხეთი” საქართველოს თასის მფლობელს, “გაგრას” მასპინძლობდა, როცა თასის მფლობელი გუნდის სამმა ფეხბურთელმა სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა _ შესვენებაზე “გაგრას” სათადარიგო ფეხბურთელებმა არც მეტი, არც ნაკლები, მოედანის პირას მოშარდეს. ჯერ 2 მობურთალი გაემართა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, შემდეგ მათ მესამეც მიჰყვა.
ჩვენ დავინტერესდით, რა მოელით იმ მობურთალებს, რომლებმაც, მინიმუმ, შეურაცხყოფა მიაყენეს სტადიონზე მოსულ 200-მდე მაყურებელს. და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსს რევაზ შენგელიას ვესაუბრეთ:
_ ბატონო რევაზ, გაიგებდით იმ სამარცხვინო ფაქტის შესახებ, რომელიც კვირას ლანჩხუთის სტადიონზე “გაგრას” სამმა ფეხბურთელმა ჩაიდინა. რა სანქციები მოელით მათ ფეხბურთის ფედერაციისაგან?
_ ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პირების ახსნა-განმარტებები, თუმცა, ჩვენი სამდივნოს პრეროგატივა არაა ასეთი საკითხის განხილვა. ჩემპიონატს ატარებს საშეჯიბრო განყოფილება და მსაჯებისა და დელეგატების ნაამბობის საფუძველზე ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას.
შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსს, ნოდარ კაკულიასაც ვესაუბრეთ. მისი თქმით, ელოდება მატჩის დირექტორის, დელეგატისა და მსაჯების პატაკებს: _ ჩვენ სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მატჩზე დამკვირვებელი პირების ახსნა-განმარტებების შემდეგ საკითხს განსახილველად სადისციპლინო კომიტეტს გადავცემთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მოთამაშეთა დასჯის შესახებ სწორედ ეს ორგანო მიიღებს, _ გვითხრა ნოდარ კაკულიამ.
გვიან საღამოს “გაგრამ” ოფიციალური განცხადება საკუთარ ვებგვერდზე გააკეთა: “კლუბის ხელმძღვანელობა ბოდიშს იხდის იმ უმსგავსო საქციელის გამო, რომელიც ჩაიდინეს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა ლანჩხუთში, ფოთის “კოლხეთთან” კალენდარული შეხვედრის შესვენებისას. ჩვენს მიერ დადგენილ იქნა იმ ორი ფეხბურთელის ვინაობა (თუმცა, ჩვენი კადრებიდან მესამე ფეხბურთელის ვინაობასაც დაადგენენ. რედ.), რომელთაც ეს ქმედება ჩაიდინეს. მათ დაეკისრათ ფულადი ჯარიმა და გამოეცხადათ სასტიკი საყვედური. იმედი გვაქვს, რომ მსგავს შემთხვევას მომავალში ადგილი აღარ ექნება,” _ ნათქვამია განცხადებაში.