(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ხუთშაბათს, ლანჩხუთის “ნევთობბაზის” ტერიტორიისკენ სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურები გაემართნენ: _ ეს იყო იმიტირებული საგზაო შემთხვევა, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურების კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავითამაშეთ, _ თქვა გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფის უფროსმა ბესიკ ქინქლაძემ.
_ პოლონეთის საგარეო სამინისტროს დაფინანსებით, პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ცენტრისა და ქალაქ კელცის საგანგებო სიტუაციათა სამსახური, კივიტას-გეორგიკას მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს _ კრიზისული სიტუაციების მართვა გურიის რეგიონში. პროექტის ფარგლებში გურიაში, სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გაიმართა. კოორდინირება და რეაგირება სამაშველო, სახანძრო და სამედიცინო სამსახურების მხრიდან _ სწორედ ეს იყო იმიტირებული საგზაო შემთხვევის დანიშნულება, _ აღნიშნა “კივიტას გეორგიკას” პრეზიდენტმა გიორგი მესხიძემ.
პარასკევს, ლანჩხუთში სახანძრო-სამაშველო ტექნიკა პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდის კოორდინატორმა და ქალაქ კელცეს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა სამივე მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურს გადასცეს.
გურიის რეგიონში პროექტს უკვე 2 წელია, პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდი და საერთაშორისო ორგანიზაცია “კივიტას გეორგიკა” ახორციელებენ. ორი წლის განმავლობაში პოლონეთში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ გურიის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სადაც მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ. ქართველები გაეცნენ კრიზისული სიტუაციების მართვის ეფექტურ მეთოდებს. სპეცტექნიკის გადაცემას დაესწრნენ გურიის გუბერნატორის მოადგილე თამაზ მახარაძე და სამივე მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები.