ტელეკომპანია “გურიას” საქმე უზენაესმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქის, ვინმე მარინა ხარაბაძე-ვასილევას სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ხათუნა სიორიძის ადვოკატის, თედო კობახიძის განმარტებით, 10 დეკემბერს მათ ჩაბარდათ უზენაესი სასამართლოს მიერ 9 დეკემბრით დათარიღებული განჩინება იმის შესახებ, რომ მარინა ვასილევას უფლებამონაცვლედ (მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე) საქმეში ჩაება ვინმე მალხაზ საბაძე.
“გურია ნიუსი” სტატიის მომზადების პერიოდში აქტიურად ცდილობდა დაკავშირდებოდა მალხაზ საბაძეს და მისგან მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, რა მიზნით და რა პირობებით ჩაიბარა მან ტელეკომპანია “გურია”, რას საქმიანობს და რა ინტერესები აქვს მედიასთან დაკავშირებით, თუმცა, უშედეგოდ _ არაერთი მცდელობის მიუხედავად, მალხაზ საბაძესთან დაკავშირება ვერ შევძელით _ ის ტელეფონს არ პასუხობდა.
15 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ტელეკომპანია “გურიას” თემასთან დაკავშირებით სიორიძის წარმომადგენელმა გამართა, ადვოკატმა თედო კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი მზად იყვნენ მარინა ვასილევასთვის გადაეხადათ 308 000 აშშ დოლარი, რომელსაც ის მერაბ სიორიძეს ედავებოდა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
მაგრამ, ამის მიუხედავად, მარინა ვასილევამ გადაწყვიტა, თავისი წილი 80 000 დოლარად გაესხვისებინა ვინმე მალხაზ საბაძეზე.
საინტერესოა, რა მოტივი ჰქონდა ქალბატონ მარინას ისეთი, რამაც მალხაზ საბაძის სასარგებლოდ საკმაოდ სოლიდური თანხა _ 228 000 დოლარი დაათმობინა? სიორიძის მხარე სწორედ ამდენით მეტს სთავაზობდა მას. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მარინა ვასილევა ბიზნესმენია და ბიზნესის კანონის თანახმად, იმ წინადადებაზე თანხმდებიან, რაც უფრო ხელსაყრელი და მომგებიანია.
სწორედ ამ და სხვა ფაქტებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ხელისუფლება, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის თავისუფალი მედიის როლი, ცდილობს, რეგიონებში არ დაუშვას დამოუკიდებელი ტელეკომპანიების არსებობა, რომელიც შესაძლოა განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების საკუთრებაში აღმოჩნდეს.
რაც შეეხება მალხაზ საბაძეს, მის შესახებ ჩვენს წინა სტატიაში ვწერდით: “უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ტელეკომპანიას ახალი და საზოგადოებისთვის უცნობი მფლობელები ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, მედიისგან და ამ საქმიანობისგან საკმაოდ შორს მდგომები და საქმის მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი მთავარი მიზანი ტელეკომპანიიდან ფულის ამოღებაა.”
როგორც ჩანს, არ შევმცდარვართ _ ჩვენს მიერ ახლახანს მოპოვებული ინფორმაციით, მალხაზ საბაძე გახლავთ შპს “დემასის” დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი.
აღნიშნული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, რუბრიკაში “ჩვენს შესახებ”, ვკითხულობთ: “ჩვენი კომპანია გთავაზობთ სასაწყობე მეურნეობის დაპროექტებას და გამართვას. სასაწყობე მეურნეობის მართვის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა: დიზელის, ბენზინის ან ელექტროძრავიანი სატვირთი მანქანები ჩანგლით, სხვადასხვა ტიპის თაროებს, მათ შორის, თაროებით აწყობილ საწყობის შენობებს, შეკვეთის ასაღებ ლიფტებს, პალეტების მექანიკურ და ელექტრო საზიდ ურიკებს, პალეტების დასაწყობად განკუთვნილ შტაბელებს, სფერულ სარკეებსა და საწყობის ტერიტორიის მონიშვნას, საწყობის სწრაფ კარებებს, საწყობის რამპის დონის გამასწორებელ პლატფორმებს და ასე შემდეგ”.
რა კავშირი აქვს ელექტროძრავიან სატვირთო მანქანებსა და თაროებს, ლიფტებსა და ურიკებს ტელეკომპანია “გურიასთან” და საერთოდ მედიასთან, ვფიქრობთ, ამას დიდი მსჯელობა არ სჭირდება.
ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, “დემასი” სწორედ ის კომპანიაა, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის პროექტში მონაწილეობს კომპანია “ბი ემ სი გორგიასთან” ერთად.
დეკემბერში “კომერსანტ.გე”-ზე გავრცელებული ინფორმაციით, “სამშენებლო მასალების ბაზრის ორი მოთამაშე თებერვლის ბოლოს ქსელს გააფართოებს _ “გალერეა დემასი” ახალ ობიექტს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ხოლო “ბი ემ სი გორგია” ქუთაისში გახსნის. ამის შესახებ, “კომერსანტ.გე”-სთან, კომპანიების გენერალური დირექტორები, მალხაზ საბაძე და ზურაბ ეგაძე საუბრობენ.
მათი თქმით, ქსელების გაფართოებასთან ერთად, შოურუმებში ახალი პროდუქციის დამატებაც იგეგმება.
“გალერეა დემასი” კი, გაზაფხულისთვის “არმანის” კოლექციის შემოტანას გეგმავს. კომპანიის გენერალური დირექტორის, მალხაზ საბაძის თქმით, ევროპაში კერამიკული ფილების ნომერ პირველი მწარმოებელი კომპანია “როკა” მსოფლიოში ცნობილ ბრენდ, “არმანთან” ერთად სპეციალურ კოლექციას უშვებს.
“ჩვენ პირველად შემოვიტანთ საქართველოში “არმანის” კერამიკული ფილების კოლექციას,” – განაცხადა მალხაზ საბაძემ. საბაძის თქმით, აღმაშენებლის ხეივანზე ახალი შოურუმის ფართი, დაახლოებით, 7 000 კვადრატული მეტრი იქნება. “ახლა აღმაშენებლის ხეივანში ბევრად უფრო პატარა შოურუმი გვაქვს. ახლის დასრულების შემდეგ, ეს დაინგრევა და მის ადგილზე პარკირებისთვის საჭირო ტერიტორია გაკეთდება”, – განაცხადა მალხაზ საბაძემ. მისი თქმით, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შოურუმი უფრო ფასზეა ორიენტირებული, ხოლო მშრალ ხიდზე არსებულ ობიექტში პრემიუმ კლასის ბრენდები იყიდება. სწორედ აქ შემოიტანს კომპანია “არმანის” სპეციალურ კოლექციასაც.
“გურია ნიუსი” აგრძელებს მუშაობას ამ საკითხზე და მომავალში უფრო დეტალურად შემოგთავაზებთ ინფორმაციას იმ დაინტერესებულ პირთა შესახებ, რომლებმაც ტელეკომპანია “გურია” იყიდეს.